ნეტგაზეთი | არასამთავრობოები: ცესკო “მრეწველებს” პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს არასამთავრობოები: ცესკო “მრეწველებს” პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს – Netgazeti
RU | GE  

არასამთავრობოები: ცესკო “მრეწველებს” პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს

არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა, საია და სამართლიანი არჩევნები ეხმაურებიან ცესკოს გადაწყვეტილებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ “მრეწველებმა” ბიუჯეტიდან 300 ათას ლარის მიიღონ,  მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 0.78% მიიღო და პარლამენტში მხოლოდ ერთი წევრი შეიყვანა.

ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ განკარგულება ცესკომ 22 ნოემბერს გამოსცა.

არასამთავრობოების განცხადებით, ცესკოს განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსაფუძვლოდ აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას –  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“

ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონის არასწორი გამარტების პირობებში, პარტია, რომელმაც ვერ გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსება ვერ მოიპოვა, მიიღებს დამატებით დაფინანსებას 300 000 ლარის ოდენობით და საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებასაც მოიპოვებს. ამის გამო „თავისუფალი დემოკრატები“, რომელმაც გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსებაც მოიპოვა, საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებას დაკარგავს.

“გამოდის, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტთან. ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პარტიას აქვს არჩევანის გაკეთების უფლება: დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს უკანასკნელი საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მრეწველთა პარტია უალტერნატივოდ იყენებს ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს დაფინანსების მისაღებად, ვინაიდან, როგორც უკვე ითქვა, ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით დაფინანსება ვერ მოიპოვა,”- აცხადებენ არასამთავრობოები.

რაც შეეხება დანამატს პარლამენტში ფრაქციის შექმნის გამო, განცხადების თანახმად, ფორმულით, რომელიც პარტიებისათვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობის გამოსათვლელად გამოიყენება, დამატებით 300 000 ლარის მიცემა არის შესაძლებელი იმ პარტიისათვის, რომელიც „..ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ ის შექმნის საპარლამენტო ფრაქციას.“

მათივე განცხადებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, მრეწველების პარტიიდან ცესკოში შესული კორესპონდენციის საფუძველზე, ცესკომ უპარტიო კანდიდატი შემაჯამებელ ოქმში პარტიულად მოიხსენია.

“მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ფრაქცია შეიქმნა: „ქართული ოცნება“, და „ქართული ოცნება – მრეწველები.“ მეორე ფრაქციაში „ქართული ოცნების“ ხუთი და საარჩევნო ბლოკის „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ მიერ წარდგენილი ერთი მაჟორიტარი დეპუტატი შევიდა. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით უნდა ჩაითვალოს ეს ფრაქცია პარტიის„ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ შექმნილად. ასევე ბუნდოვანია ჩანაწერი „თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას“, რადგან კანონი არ განმარტავს, თუ როდის ითვლება ფრაქცია კონკრეტულად ერთი პარტიის მიერ შექმნილად,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი