შემოსავლების სამსახური: სადახლოდან სომხეთში გადაადგილება რამდენიმე საათით შეფერხდა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტი შეფერხების გარეშე მუშაობს, თუმცა გუშინ, 22 აპრილს, სომხეთში მიმდინარე აქციების გამო ადამიანები გადაადგილებას რამდენიმე საათით ვერ ახერხებდნენ.

“გუშინ შეფერხება საბაჟო გამშვებ პუნქტს არ ჰქონია, საბაჟო მუშაობდა ჩვეულებრივად, 24/7-ზე რეჟიმში, თუმცა სომხეთის მხარეს გადაკეტილი გზისა და იქ მიმდინარე მიტინგისა თუ შეკრების გამო მგზავრები ვერ გადაადგილდებოდნენ. ეს პრობლემა მოიხსნა მაშინვე, როგორც კი ისინი დაიშალნენ”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შემოსავლების სამსახურში.

მათივე ცნობით, შეფერხება რამდენიმე საათს გაგრძელდა. სომხეთში მასშტაბური აქციები 16 აპრილიდან დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს. სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს გახდა სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების მიზეზი.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში პოლიციამ 200-ზე მეტი მოქალაქე დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც საპროსტესტო აქციებს ხელმძღვანელობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com