მოსწავლეების პროტესტი ოლიმპიადამდე ერთი დღით ადრე გავრცელებულ ტესტებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ნოემებრს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მათემატიკის გამოცდით დაიწყო, რომელიც დღის 3 საათზე დასრულდა.
ქუთაისის N41 საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი ამბობს, რომ ოლიმპიადა დაახლოებით ოთხმა მოსწავლემ დატოვა:
“იქ მე არ ვიყავი კონკრეტულად, რადგან არ მქონდა უფლება ვყოფილიყავი. ორი მოსწავლის სახელი და გვარი დავადგინე, მე ჯერ მათ არ დავკავშირებივარ. ეს ბავშები მეათეკლასელები არიან, შესაძლებელია მათ მშობლებს არ სურთ, მათი სახელების საჯაროდ დასახელდეს”.– აცხადებს სკოლის დირექტორი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისივე განცხადებით, მოსაწავლეების პროტესტის გამო თავად ოლიმპიადის ჩატარებას პრობლემა არ შექმნია:
“ოლიმპიადა არ ჩაშლილა, დაახლოებით 150-მა მოსწავლემ დაწერა გამოცდა. ოლიმპიადა ჩატარდა მე–7–დან მე–12 კლასის ჩათვლით. მე თვითონაც მაინტერესებს, რა მოხდა, რამდენადაც მე ვიცი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ტესტები. ხელახლა უნდა ჩატარდეს, ჩემი სკოლა ფიზიკა– მათემატიკის სკოლაა და ყველაზე მეტად ჩემი სკოლის სახელი იბღალება. მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში, და არ მინდა ასე იყოს. ძალიან განვიცდი”.– განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
ტესტების გავრცელება დაადასტურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ, ვისი თქმითაც, გავრცელებული ტესტური დავალებები ემთხვევა დღეს ოლიმპიადაზე მოსწავლეებისთვის დარიგებულ ამოცანებს. თუმცა, მისივე თქმით, ტესტები სრულად არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 ნოემბერს Dropbox-ზე სხვადასხვა კლასის მიხედვით, მათემატიკის, ბიოლოგიის, რუსულის და ინგლისური ენის ტესტები აიტვირთა. ოლიმპიადის პირველ ეტაპს სკოლები ატარებენ, მეორე და მესამე ეტაპს კი გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.