ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პოლიცია აქციების დარბევით იმუქრება – რა ხდება სომხეთში

20 აპრილი, 2018 • 2064
სომხეთის პოლიცია აქციების დარბევით იმუქრება – რა ხდება სომხეთში

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში  დაკავებულთა რიცხვმა, პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, 166-ს მიაღწია. თუმცა, სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის” ბრალდებით 200-მდე მოქალაქეა დაკავებული.

სომხეთის პოლიციის უწყებამ დემონსტრანტები დღეს უკვე ოფიციალურად გააფრთხილა, რომ მზადაა მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენოს, თუკი სამართალდამცავ ორგანოთა მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან.

“პოლიცია ყველა საჭირო მოქმედებას ახორციელებს დანაშაულისა და ადმინისტრაციული კანონდარღვევების წინააღმდეგ. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა არის კანონდარღვევა, რომელიც იქნება აღკვეთილი, სამართლამცავთა ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ძალა და სპეციალური საშუალებები”, – ნათქვამია სომხეთის პოლიციის განცხადებაში.

სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

აქციის მონაწილეები ერევნის სხვადასხვა ქუჩის ბლოკირებას ცდილობენ. პარალიზებულია ცენტრალური ქუჩები. დემონსტრანტები ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს ახმოვანებენ.

ერევნის გარდა, საპროტესტო აქციები სომხეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში იმართება.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს.

სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

აქციების პარალელურად, სომხეთის პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ სწორედ ხშირი საპროტესტო აქციებია იმის მიზეზი, რომ სომხეთის ეკონომიკა არ ვითარდება – “ინვესტორებისა და ტურისტების დიდ ნაკადს სომხეთში ყოველწლიური დემონსტრაციები ხელს უშლის”. ამის შესახებ სარგსიანმა სომხეთის ტელეკომპანია “შანტს” განუცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი