ახალი ამბებიეკონომიკა

ღამის ეკონომიკის კონცეფციის პრეზენტაცია – მერია კვლევის ჩატარებას გეგმავს

20 აპრილი, 2018 • 2139
ღამის ეკონომიკის კონცეფციის პრეზენტაცია – მერია კვლევის ჩატარებას გეგმავს

საღამოს 8 საათიდან დილამდე განხორციელებული ეკონომიკური აქტივობა ღამის ეკონომიკად ითვლება. ამის შესახებ დღეს, 20 აპრილს, ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდში შედარებით განსხვავებული ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი ბიზნესსექტორის როლი იზრდება. ამის მაგალითად სერგი გვარჯალაძეს გართობა, დასვენება და სხვადასხვა კულტურული აქტივობა მოჰყავს.  ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ ტიპის ეკონომიკა გარკვეული კომპონენტებისგან შედგება, ესენია: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კულტურული აქტივობები. სერგი გვარჯალიძის თქმით, ღამის ეკონომიკაში ბიზნესის სხვადასხვა სექტორია ჩართული. მათ შორის: ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმი, კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია და ვაჭრობის სექტორი.

“ერთ-ერთი  ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომლსაც შემდეგი ექვსი თვის მანძილზე გადავდგამთ, იქნება კვლევის ჩატარება, რომელშიც ვფიქრობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. კვლევა მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, სად ვართ დღეს და რა ასპექტებია მნიშვნელოვანი. როგორი კულტურული ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ და როგორი ადგილები უნდა შევარჩიოთ ამ ღონისძიებებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი ხმაურის თემაა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა აკუსტიკებთან და იურისტებთან იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ის პროცესები, რომელიც უკვე შემუშავებულია,”-აცხადებს სერგი გვარჯალაძე.

მისი თქმით,  ბიუჯეტის ხარჯების დასაზოგად ისინი სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობენ. სერგი გვარჯალაძის განცხადებით, თბილისში აუცილებელია რესტორნებისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების რაოდენობის ზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი