ახალი ამბები

იძულებითი ცხოვრება მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში – სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ

20 აპრილი, 2018 • 2786
იძულებითი ცხოვრება მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში – სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა რუსეთმა ოთხი უცხოელის მიმართ საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმები, როდესაც ისინი თვეების განმავლობაში მათი სურვილის საწინააღმდეგოდ გაჩერებული ჰყავდა აეროპორტის სატრანზიტო ზონაში.

ერთმა პალესტინელმა, ასევე ერაყის, სომალისა და სირიის მოქალაქეებმა, რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლეს. მათ მოსკოვში, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, რამდენიმე თვე იძულებით იცხოვრეს. ოთხივე მათგანი ერთმანეთის დამოუკიდებლად, 2015-2016 წლებში მოხვდა შერემეტევოს აეროპორტში. მათ რუსეთისგან თავშესაფარი მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს და იძულებულნი გახდნენ, გაუსაძლის ყოფაში თვეები გაეტარებინათ. უფრო მეტიც, სომალის მოქალაქის იძულებითი ყოფნა აეროპორტის სატრანზიტო ზონაში 1 წლისა და 11 თვის განმავლობაში გაგრძელდა, დანარჩენების კი – 5-დან 8 თვემდე.

თავშესაფრის სირიელი და ერაყელი მაძიებლები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით გადაიყვანეს შვედეთსა და დანიაში. პალესტინელი კი ეგვიპტეში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ბილეთი თავად შეიძინა. რაც შეეხება სომალის მოქალაქეს, მან მოსკოვის აეროპორტი თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ დატოვა, რაც საბოლოოდ გადაეწურა თავშესაფრის მიღების იმედი. ის სომალის დედაქალაქ მოგადიშუს მიმართლებით გაემგზავრა.

ოთხივე აპლიკანტი რუსეთს ედავება ადამიანის უფლებათა ევროპული კომნვენციის მეხუუთე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. ამ მუხლისვე მიხედვით, არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა კონკრეტული, განსაზღვრული შემთხვევებისა. მომჩივნების აზრით, მათი რამდენიმე თვით დაკავება მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში იყო თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

მომჩივნები რუსეთს ასევე ედავებიან კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამამცირებელი დასჯა, ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა დაუშვებელია. როგორც ისინი ამბობენ, თვეების განმავლობაში საშინელ პირობებში მოუწიათ აეროპორტის სატრანზიტო, ხმაურიან ზონაში ცხოვრება, სადაც ეძინათ იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და არ ჰქონდათ შხაპის მიღების საშუალება.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პალატამ ერაყელი, პალესტინელი, სირიელი და სომალელი პირების მიმართ რუსეთი გაამტყუნა. სასამართლომ 2018 წელს დაადგინა როგორც მეხუთე, ისე მესამე მუხლის დარღვევა.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა. აღნიშნული საჩივრის მოსმენა დიდ პალატაში 2018 წლის 18 აპრილს გაიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი