შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო “ფეისბუკითა” და “იუთუბით” გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ბავშვის მიმართ ბულინგი, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა ჩანს.
კერძოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლებით (საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით) დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები,”- აცხადებს შსს.
გავრცელებულ ვიდეოში ბავშვის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
როგორც ვიდეოდან ჩანს, ბავშვი, რომელსაც უცნობი პირები შეკითხვებს უსვამენ, ტირის და შეშინებულია. ადამიანები, ვინც მას შეკითხვებზე პასუხს აიძულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, კადრში არ ჩანან.
აღსანიშნავია, რომ “იუთუბის” ერთ-ერთ არხზე ეს ვიდეო უკვე რამდენიმე თვეა ატვირთულია.