ახალი ამბებისაზოგადოება

უგულავამ აბაშიშვილის განცხადება დიეტისგან გამოწვეული “აშლილობით” ახსნა

19 აპრილი, 2018 • 3841
უგულავამ აბაშიშვილის განცხადება დიეტისგან გამოწვეული “აშლილობით” ახსნა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” ახალ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებასთან დაკავშირებით მისი დიეტისგან “გამოწვეული აშლილობით” ახსნა.

“არავის არ უთქვამს, რომ ის [პრეზიდენტი] პერსონალურად პასუხისმგებელია ადამიანის სიკვდილზე. ეს ჰიპერბოლიზაცია,  როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მისი ადმინისტრაციის უფროსის, დიეტის მერე ცოტა აშლილობა ახასიათებს ამას ყველაფერს და მე უფრო ამას დავაბრალებდი”, – განაცხადა უგულავამ 19 აპრილს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, სადაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობდა.

ჟურნალისტმა უგულავას კორექტულობისკენ მოუწოდა, თუმცა უგულავამ დასძინა, რომ საკუთარ გამოცდილებით საუბრობს და “ეს [აშლილობა] ფიზიოლოგიურად თანმდევი პროცესია [დიეტის] .

“საკუთარი გამოცდილებით გეუბნები, მაგ დროს ჯობია კამერებს ერიდო იმიტომ, რომ შეიძლება სისულელე თქვა. იხილეთ ბატონ აბაშიშვილის გამოსვლა”, – თქვა უგულავამ პირდაპირ ეთერში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მას ამავე გადაცემაში უპასუხა:

“გიგი, მე გასწავლი, როგორ უნდა შეინარჩუნო დიეტის დროს სილაღეც, სიმართლეც და ღირსებაც. სერიოზულად როგორ ვუპასუხო ამ კითხვას, არ ვიცი [იცინის].

რა უძღოდა წინ ამ კომენტარებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა 16 აპრილს განაცხადა, რომ  “საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“.

აბაშიშვილს მხედველობაში ჰქონდა “ევროპული საქართველოს” მიერ პრეზიდენტის კრიტიკა ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო.  

უგულავას პასუხი

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ უგულავას ჰკითხა, რა არის მისი პასუხი იმაზე, რომ “ევროპული საქართველო” ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს, რაზედაც უგულავამ უპასუხა:

“სისულელისგან დაზღვეული არავინ არ არის, [მიშელ მონტენის სიტყვებს გამოვიყენებ],  მაგრამ როცა მოფიქრებულ სისულელეს ამბობ, ეს უფრო დამაფიქრებელია. ზოგადად, მე არ მესმის, რატომ უკვირს პრეზიდენტს, რომ კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.  შეუძლებელია საქართველოში ნახოთ ადამიანი, რომელიც არ იყოს განაწყენებული იმით, რაც მოხდა, არ იყოს შეძრწუნებული და თუნდაც ერთი დღით იყოს შეწყალებული, ბუნებრივია, კრიტიკის ქარცეცხლი მასზე გავრცელდება.

არავის არ უთქვამს, რომ ის პერსონალურად პასუხისმგებელია ადამიანის სიკვდილზე. ეს ჰიპერბოლიზაცია, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მისი ადმინისტრაციის უფროსი, დიეტას მერე ცოტა აშლილობა ახასიათებს  და მე უფრო ამას დავაბრალებდი ყველაფერს. სისულელეს სისულელეს ნუ დავამატებთ, ჯობია დავხვეწოთ და ამ მიმართულებით თუ გადადგა პრეზიდენტმა ნაბიჯი, მე მხოლოდ მივესალმები და დაიოკოს ნერვები მისმა ადმინისტრაციამ და წარმომადგენელმა”.

უგულავამ პრეზიდენტს “მენტალური ქოცი” უწოდა:

“კატასტროფაა ის, რაც მოხდა, მაგრამ პრობლემა არის მასზე რეაქცია. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ხელისუფლებაში მოკლათებული, თუნდაც პრეზიდენტი და თუნდაც სხვა, წმინდა ძროხაა და მისი კრიტიკა არ შეიძლება.

მარგველაშვილი პირწავარდნილი ქართული ოცნების წარმომადგენელი რატომ არის – “ქართული ოცნების” დამახასიათებელია, არასდროს არაფრის პასუხისმგებლობის არაღება და პირველი რეაქციაა, ოღონდ ვინმეს გადააბრალო, ოღონდ ვინმეს შეტენო ბურთი. ზუსტად იგივეს აკეთებენ ახლა და მე ძაან ვწუხვარ, რომ იმის მაგივრად, რომ გავაანაზილოთ და პასუხიმგბელობა ავიღოთ, იმწამსვე სადღაც გარიგებას ვეძებ, იმ წამსვე სადღაც მტრებს ვეძებ. … აი, რატომ გაქვს გაჭრილი ვაშლივით, რატომ არის მენტალური ქოცი, თანამედროვე პოლიტიკური ჟარგონი რომ ვიხმაროთ, გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი