სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის თქმით, მის უწყებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული განცხადება მან დღეს, 19 აპრილს, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“ჩვენ გვქონდა კარგი სამუშაო შეხვედრა პრეზიდენტთან და კომისიის თავმჯდომარესთან, მის წევრებთან, ადმიისტრაციასთან, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და გარდა ამისა, შევთხნამდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც უფრო სწრაფად გავცვლით ინფორმაციას,” – განმარტა კახიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც შეწყალების კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ, სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესთავაზა, გაფართოვდეს აღნიშნული კომისია და მის შემადგენლობაში სამინისტროს მაღალი წარმომადგენლიც იყოს ჩართული.
“ეს ისეთი პროცესია, რომ აუცილებელია შენარჩუნებული იყოს ჰუმანური აქტები, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც ასეთი სიტუაციებისგან თავს აგვარიდებს. დაზღვეული არავინ არაა. თქვენ იცით, რომ დანაშაული ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ციხესთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ოჯახში 20 წელი ერთად ცხოვრობენ და ერთ დღეს ასეთი სამწუხარო ფაქტი ხდება. თუმცა ჩვენ პრევენცია მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ,” – განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმაც. მისი განმარტებით, პროცესის გასაუმჯობესებლად ორივე მხარის ძალისხმევაა აუცილებელი.
“იქნება მთელი რიგი მექანიზმები გაწერილი. ამავდროულად, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისაღებია მინისტრის ინიციატივა, კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი, საბოლოო ჯამში, მთლიანად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის და შეწყალების კომისიის არგუმენტები ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე იხილეთ ბმულზე.