ახალი ამბები

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა

19 აპრილი, 2018 • 1128
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა, –  ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 19 აპრილს განაცხადა. შედეგად, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს. პრემიერის თქმით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის მიღების მიზანი ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პირობების შემსუბუქება იყო.

„ეს ნიშნავს იმას, რომ  ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი, პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით შეღავათებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. კანონით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი პარლამენტმა 2015 წელს მიიღო. კანონით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს გარკვეული შეღავათები დაუწესდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი