ქალი პილოტი, რომელმაც მგზავრებით სავსე ბოინგი კატასტროფას გადაარჩინა

მსოფლიო ავიაციას კიდევ ერთი გმირი პილოტი ჰყავს. 56 წლის ქალმა პილოტმა ტამი ჯო შულცმა 17 აპრილს აშშ-ში მოახერხა და ბოინგ 737, რომლის ერთი ძრავიც ჰაერში აფეთქდა, უსაფრთხოდ დასვა ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტში.

რა დაემართა თვითმფრინავს

ძრავის აფეთქებამ ილუმინატორი და თვითმფრინავის კორპუსი დააზიანა. ერთი მგზავრი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ბორტზე სულ 148 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკომპანია Southwest-ის თვითმფრინავი, რეისის ნომრით 1380, ნიუ-იორკიდან დალასის მიმართულებით მიფრინავდა.

როგორც მგზავრები იხსენებენ, თითქმის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვარდებოდნენ. თვითმფრინავში იყო პანიკა, ადამიანები განწირული ყვიროდნენ, ტიროდნენ და უარესისთვის ემზადებოდნენ. თუმცა პილოტმა აუღელვებლად მოახერხა თვითმფრინავის დამორჩილება, მგზავრების დაწყნარება და საბოლოოდ, უსაფრთხოდ დაშვება ყველაზე ახლოს, ფილადელფიის აეროპორტში.

პილოტის გმირობა

ტამი ჯო შულცს ამერიკული მედია უკვე გმირად მოიხსენიებს. ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელიც ინციდენტის დროს პილოტის ქცევას ასახავს. თვითმფრინავში, რომლის ბორტზეც ქაოსი და პანიკა იყო, ყველაზე აუღელვებლად სწორედ პილოტი მოქმედებდა.

“ჩვენ თვითმფრინავის ნაწილი დავკარგეთ… კაბინაში არის ნახვრეტი, ვიღაც გადავარდა”, – შულცმა მშვიდად აცნობა ავიადისპეტჩერებს. ავიადისპეტჩერმა მას ჰკითხა, ბორტზე იყო თუ არა ცეცხლი.

“არა, ცეცხლი არ არის, მაგრამ მხოლოდ ერთი ძრავი გვაქვს. ამიტომ ცოტათი უნდა შევამცირო სიჩქარე”, – ამბობს ჩანაწერში პილოტი. ამის შემდეგ შულცმა აეროპორტში სამედიცინო პერსონალის დახვედრა მოითხოვა, რადგან რამდენიმე მგზავრი დაშავებული იყო.

ტამი ჯო შულცი 1980-იან წლებში. ფოტო: ABC Australia

ამერიკული მედიის ცნობით, ტამი ჯო შულცი 1980-იან წლებში იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც სამხედრო ბომბდამშენ F18-ის პილოტი გახდა. შულცი უკვე წლებია ავიაკომპანია Southwest-ის პილოტია. ამავე კომპანიაში მუშაობს მისი პილოტი ქმარიც.

ტამი ჯო შულცი ნიუ მეხიკოს შტატში ცხოვრობს და კვირაობით პირველი ბაპტისტური ეკლესიის საკვირაო სკოლაში გაკვეთილებს ატარებს.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ აფეთქების ხმიდან ათ წამში ძრავის ნაწილებმა დააზიანა ილუმინატორი და თვითმფრინავის კორპუსი, საიდანაც ჰაერის ძლიერი ტალღა შემოდიოდა. მგზავრებმა სწორედ ამ ნახვრეტიდან გადავარდნას გადაარჩინეს ერთი ქალი.

“ყველა ყვიროდა და კიოდა. როდესაც თვითმფრინავი ეშვებოდა, დაუყონებლივ ვიყიდე ინტერენტი, რომ გარესამყაროსთან რაიმე სახის კონტაქტი მქონოდა”, – იხსენებს შემთხვევას მგზავრი მარტი მარტინესი. მან ავარიულული დაშვებისას ფეისბუკ ლაივი ჩართო.

“გარკვეული პერიოდით უკონტროლო სიტუაცია იყო. ჩანდა, თითქოს პილოტს უჭირდა თვითმფრინავის დამორჩილება. გულწრფელად გვეგონა, რომ ვვარდებოდით”, – იხსენებს ტრაგიკულ ინციდენტს ერთ-ერთი მგზავრი CNN-თან საუბრისას. მისი თქმით, თვითმფრინავის ეკიპაჟი მათ აფრთხილებდა, რომ მომზადებულიყვნენ დარტყმისთვის.

საბოლოოდ, თვითმფრინავი გამოცდილი და მშვიდი პილოტის წყალობით კატასტროფას გადაურჩა. ამერიკულმა მედიამ უკვე გაავლო პარალელები გმირ პილოტ სალი სალენბერგთან, რომელმაც 2009 წელს დაზიანებული თვითმფრინავი ნიუ-იორკში, მდინარე ჰადსონზე ისე დასვა, რომ არავინ დაღუპულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.