ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ქალაქებში აქციები გრძელდება – ქუჩებში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა

18 აპრილი, 2018 • 1675
სომხეთის ქალაქებში აქციები გრძელდება – ქუჩებში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა

ერევნის გარდა, საპროტესტო აქციები სომხეთის სხვადასხვა დიდ ქალაქში იმართება.

ერევანში აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, სადაც მერს, ტარონ მარკარიანს მოუწოდებენ, გამოვიდეს და აქციას მხარი დაუჭიროს. აქციების პარალელურად ერევნის ქუჩებში სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

მეორე დღეა ერევანში სამართალდამცველები დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის მონაწილეებს აკავებენ. სხვადასხვა ინფორმაციით, მხოლოდ დღეს 80-მდე მოქალაქე დააკავეს.

ერევანი; 18 აპრილი, 2018, ფოტო: მარიამ მუგდუსიანი

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო. სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს.სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი. აქციებს სათავეში სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი უდგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი