“ქართული ოცნების” წევრი გედევან ფოფხაძე მზადაა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს გაუცვალოს – ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“კაბინეტების გაცვლა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ის, რომ პარლამენტის შიდა ორგანიზაციული მუშაობა იყოს უფრო ეფექტური, ამაზე თუ გუნდი იფიქრებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე მგონი, არ იქნება ურიგო,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდება თუ არა მსგავს შემოთავაზებას, ფოფხაძე პასუხობს, რომ დათანხმდება.
არის თუ არა ეს გამოწვეული იმით, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ამ საკითხზე გედევან ფოფხაძე არ საუბრობს.
“უკვე გაგეცით პასუხი, რომ დავთანხმდები და რატომ დავთანხმდები, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია… არ ვაპირებ ამ თემებზე საჯაროდ საუბარს,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
გედევან ფოფხაძესა და სოფო კილაძეს შორის ღია დაპირისპირებაა. ფოფხაძემ კომიტეტის თავმჯდომარე “იმედის კვირის” ეთერში დაადანაშაულა თავისი ფაქსიმილიის უკანონო გამოყენებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. “გედი არის ცილისმწამებელი კაცი” – განაცხადა სოფო კილაძემ “იმედთან” საუბრისას და აღნიშნა, რომ თუკი გედევან ფოფხაძემ მართლაც დაფარა კილაძის სავარაუდო დანაშაული, მაშინ თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში.
გედევან ფოფხაძე თანაპარტიელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს