ახალი ამბები

ბენდ Rotting Christ-ის თქმით, ისინი თბილისში “სატანისტები”, ტერორისტები ეგონათ და დააკავეს

16 აპრილი, 2018 • 3448
ბენდ Rotting Christ-ის თქმით, ისინი თბილისში “სატანისტები”, ტერორისტები ეგონათ და დააკავეს

ბერძნული როკჯგუფი Rotting Christ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას უმიზეზო დაკავების შესახებ საუბრობს. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ისინი ჯგუფის სახელის გამო ტერორიზმში დაადანაშაულეს და 12 საათით დააკავეს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც აღნიშნულს უარყოფენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული როკ ჯგუფი საქართველოში შემოსვლისას დააკავეს პირველად ფეისბუკზე გავრცელდა ერთ-ერი მუსიკალური ლეიბლის გვერდზე. როგორც წერილშია აღნიშნული, ჯგუფის სოლისტი საკის ტოლისი იხსენებს:

ჩვენ ჩამოვედით საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ხუთშაბათს, 12 აპრილს, დილით ადრე. დოკუმენტების შემოწმების ჩვეულებრივი პროცედურების შემდეგ, მე და ჩემი ძმა გაგვაჩერა პოლიციამ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით აეროპორტის სხვა ნაწილში, სადაც კითხვებს დაგვისვამდნენ ქვეყანაში შემოსვლის თაობაზე. თუმცა, ნაცვლად ამისა, წაგვართვეს  პასპორტი, ტელეფონი და მოგვათავსეს საკანში. ვითხოვდით, რომ განემარტათ დაკავების მიზეზი, თუმცა გვეუბნებოდნენ, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურიაო. ჩვენმა ადვოკატმა შემდეგ განმარტა, რომ “არასასრუველ ადამიანთა” სიაში ჩაგვსვა ქვეყნის უსაფრთხოების სასმახურმა და “სატანისტების” იარლიყი მოგვაკერა, რის გამოც ტერორიზმში დაგვადანაშაულეს,”

მათივე ინფორმაციით, საკანში, რომელშიც ცუდი პირობები იყო, ჯგუფის წევრები 12 საათს იმყოფებოდნენ.

ჩვენი აგენტის, სამართლამცოდნეების, ჟურნალისტების და ქართველი აქტივისტების ძალისხმევის შედეგად ჩვენ საბოლოოდ გაგვათავისუფლეს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. საბოლოოდ, ჩვენ შევძელით და გავმართეთ ფანტასტიკური შოუც. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქართველ მეტალ-ძმებს მათი მხარდაჭერისთვის,” – ნათქვამია ფეისბუკ პოსტში.

როგორც შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, ჯგუფის წევრები არავის დაუკავებია. მათი თქმით, აეროპორტში საბუთების შემოწმებისას შეფერხდნენ, ხოლო Rotting Christ-ის წევრებს ეგონათ, რომ ისინი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი