“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ლისის ტბის მახლობლად, „ფრანგული კინოსკოლის“ ფილიალის ტერიტორიაზე გადარგო.
დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავს თბილისის გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად, თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოებაში წვლილის შეტანას.
“მეხუთე წელია გრძელდება ეს ტრადიცია. ჩემი ეზოდან გადმომაქვს ნერგები და ამ აქციით ვცდილობ ჩემს შვილებთან ერთად მცირეოდენი წვლილი შევიტანო თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ მწვანე საფარის შენარჩუნებაზე, რათა ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ,” – აღნიშნა დავით საგანელიძემ.
“საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, აქციის “გაამწვანე შენი ქალაქი“ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა კომპანია „ჰუალინგის“ პრეზიდენტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაჭაში სტუმრობის დროს. თბილისის ზღვაზე, „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ათასობით ნერგი უკვე დაირგა.
გასულ წელს დავით საგანელიძემ 5000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი თბილისის ზღვაზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი ლისი დეველოპმენტის ტერიტორიაზე მდებარე რეზო გელაშვილის სახელობის პარკშიც დაირგა. “საპარტნიორო ფონდის” ცნობით, ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.