ახალი ამბებისაზოგადოება

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სია – მოძებნე შენი წინაპარი

15 აპრილი, 2018 •
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სია – მოძებნე შენი წინაპარი

ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი შეიქმნა.

ელექტრონული საძიებელი საჯაროა და მისი ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.

არქივის ცნობით, ვებ-პროგრამა აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანებული 15 ათასზე მეტი ადამიანის ბიოგრაფიულ მონაცემს.

ელექტრონული კატალოგი მოამზადეს ეროვნულ არქივში დაცული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით.

პროექტი 14 აპრილს, დედაენის დღეს, ავტორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა  ლევან თაქთაქიშვილმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში წარადგინა.


“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დავით კარიჭაშვილი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ამ საზოგადოების თითოეული წევრი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი