ახალი ამბებისამართალი

ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

15 აპრილი, 2018 •
ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უწყებაში ნეტგაზეთს აცნობეს, რომ ბრალდებულს, რომელიც მოკლული ქალის ყოფილი მამინაცვალია, ბრალი 11 პრიმა 109 ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისატიკით.

შსს-მ თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა დღეს ბრალდებულს ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინეს.

13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შსს-მ ბრალდებული, მოკლულის ყოფილი მამინაცვალი – ვ.ბ. 14 აპრილს თელეთში დააკავა. 15 აპრილს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დააკავეს ის პირი, ვისთანაც სავარაუდიდ ბრალდებული იმალებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი