“პარლამენტში არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება არ არსებობს”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესების კომენტირებისას. მან ასევე მოუწოდა “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომ მისი სახელით არ ისპეკულირონ.
“იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობა. კატეგორიულად გამოვრიცხავ უმრავლესობის დაშლას. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ პარლამენტში არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება არ არსებობს.
იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ ხოლმე საკუთარი მოსაზრების არტიკულირებისას- ნუ გააკეთებენ ამას გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა მარტო ქართული ოცნებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. სტაბილურობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარია”, – თქვა პრემიერმა.