ახალი ამბები

NTV Plus-თვის რეგისტრაციის გაუქმებას მანიფესტით ითხოვენ

11 აპრილი, 2018 • 1599
NTV Plus-თვის რეგისტრაციის გაუქმებას მანიფესტით ითხოვენ

საქართველოში გაზპრომ მედიას” შვილობილი კომპანიის, NTV Plus-ის შემოსვლასთან დაკავშირებით  მანიფესტი შეიქმნა, სადაც ხელმომწერები საქართველოს მთავრობას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავენ, გაუუქმონ რეგისტრაცია “ენ ტევე პლუსს”. ავტორის განცხადებით,  კომპანიის საქმიანობა  საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული.

“ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებს, საქართველოს მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ “გაზპრომ მედიის” შვილობილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში დაუშვებელია და მათი ეს “გეოგრაფიული ექსპანსია” რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილია,” – წერია მანიფესტში.

რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის. “ენ ტე ვე პლუსის” პარტნიორი საქართველოში შპს “მედია ჯგუფია”. “გაზპრომ–მედიის” გენერალური დირექტორი დმიტრი შერნიშენკო ამბობს, რომ ქართულ კომპანია “მედია ჯგუფთან”, რომელიც “ენ ტე ვე-ს” კუთვნილი 20-ზე მეტი არხის რეტრანსლირებას ახდენს, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ.  ქართული “მედია ჯგუფი” 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ნეტგაზეთს წერილობით აცნობა, რომ “ენ ტე ვე პლუსმა”, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (2016 წელის 12 სექტემბერს) და მიიღო ავტორიზაცია. მანიფესტის ავტორი სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ბერულავაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი