ახალი ამბებისამართალი

დაპირისპირება გორში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის

10 აპრილი, 2018 • 1929
დაპირისპირება გორში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის

გორში მოქალაქეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციის ცნობით, დაპირისპირების შედეგად 5 პოლიციელი დაშავდა და პოლიციის სამი მანქანა დაზიანდა. მოქალაქეების დაპირისპირება პოლიცელებთან 8 აპრილს სადგურის უბანში, კეცხოველის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, სკვერში 20–მდე ნასვამი ახალგაზრდა არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟი მივიდა და მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.  პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები დაშავებული არ არიან.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, დაპირისპირება მოჰყვა პოლიციელების შეურაცხმყოფელ მიმართვას დაკავებულების მიმართ. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები აღდგომის დღესასწაულს ღამის საათებში სკვერში ქეიფით აღნიშნავდნენ. მათთან მივიდნენ პოლიციელები და შეურაცხმყოფელად მოუწოდეს დაშლისაკენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ჩხუბში პოლიციელებმა იძალადეს ერთ-ერთი ახალგაზრდაზე. რაც შეეხება მანქანის დაზიანების ფაქტს, დაკავებულის მხარის ცნობით, დაპირისპირების მონაწილე ახალგაზრდები მათი დაკავებული მეგობრის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდნენ.

პოლიცია 9 ადამიანს ედავება კანონის დარღევვას. აქედან 3 პირს ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლების, ხოლო 6 პირს- სისხლის სამართლი კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას – ისჯება 100 ლარი ჯარიმით, ან 15-დღიანი პატიმრობით, 173–ე მუხლი კი -პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, რაც ისჯება 250 ლარიდან 2 00 ლარამდე ჯარიმით, ან 15-დღიანი პატიმრობით.

სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მორე ნაწილი ჯგუფის მიერ პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობას, ძალადობას ან მუქარას გულისხმობს და 4–დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი