ახალი ამბები

თუ მცნებებით არ ვცხოვრობთ, ქრისტიანნი ვერ ვიქნებით, თუნდაც მღვდელმთავრები – ეპისტოლე

8 აპრილი, 2018 •
თუ მცნებებით არ ვცხოვრობთ, ქრისტიანნი ვერ ვიქნებით, თუნდაც მღვდელმთავრები – ეპისტოლე

თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს, – წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.

“სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.

ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.

ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული,” – წერს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.

დღეს, 8 აპრილს, ქრისტიანების დიდი ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქის ეპისტოლე ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. წირვას, ტრადიციულად, ხელისუფლებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი