ახალი ამბები

“მცდარი და საზიანო” – ევროპული საქართველოს პოზიცია არჩევნების ბოიკოტზე

7 აპრილი, 2018 • 2416
“მცდარი და საზიანო” – ევროპული საქართველოს პოზიცია არჩევნების ბოიკოტზე

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. “ევროპული საქართველოს” მიაჩნია, რომ ეს მცდარი და საზიანო გზავნილია, რომელიც საშუალებას აძლევს “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების ფლობა გაიხანგრძლივოს.

“ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს. ამ პოლიტიკური პარტიების პოზიცია, მცდარის გარდა, უცნაურად არათანმიმდევრულიცაა – ისინი, ერთი მხრივ, საერთო კანდიდატის ძიებაში არიან, მეორე მხრივ კი, არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ,” – აცხადებს “ევროპული საქართველო”.

საპარლამენტო უმცირესობა, როგორც სხვა პარტიები, “ქართული ოცნებას” წლების განმავლობაში არჩევნებში გასამარჯვებლად მრავალ არაკანონიერი მეთოდის გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ძალადობა, მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ბიზნესის დაშინება – საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა:

“მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და სწორედ ეს გზაა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესი.

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების მუშაობით, გაზრდილი სიღარიბით, კორუფციით, კრიმინალითა და გადასახადებით უკმაყოფილოა. ამიტომ არჩევნებზე მოქალაქეების მაღალი აქტივობის შემთხვევაში ქართული ოცნების შეცვლა გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერც უკანონო მეთოდების გამოყენება გადაარჩენს.”

“ევროპული საქართველო” საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა, საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერას სთავაზობს. პარტიის განცხადებით, ისინი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ როგორც ვანი/ხონსა და ცაიშში დაგეგმილ არჩევნებში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც და მოემზადებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა, მათი მტკიცებით, “ქართულ ოცნებას” მოუწევს დატოვოს ხელისუფლება.

10 ოპოზიციური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცდახებს

საარჩევნო სისტემა, არათანაბარი მედიაგარემო, არათანაბარი ფინანური რესურსები, დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების უსამართლო წესები, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, – 10 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადებით, ეს პრობლემები მოუგვარებელი დატოვა ხელისუფლებამ, რის გამოც პარტიები 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ:

  • “ახალი მემარჯვენეები“
  • “ახალი საქართველო“
  • “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“
  • “ევროპელი დემოკრატები“, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
  • “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება“, “ლეიბორისტული პარტია“
  • “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“
  • “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, საარჩვენო გარემო საერთოდ არ გაუმჯობესებულა.

“მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნების“ უარი საარჩევნო გარემოს რეფორმირებასა და დემოკრატიული მოდელის შემუშავებაზე აზრს უკარგავს ქვეყანაში ყოველგვარ არჩევნებს. აღნიშნულის გამო არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს ვუცხადებთ 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს.

მოვუწოდებთ ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიას, შეუერთდეს არჩევნების ბოიკოტს, რათა ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ შექმნას დემოკრატიული პროცესის იმიტაცია,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ათი პარტიის ლიდერი აწერს ხელს.

ამავდროულად, როგორც ისინი აცხადებენ, ინტერპარტიულ ფორმატში განაგრძობენ ბრძოლას საარჩევნო რეფორმისთვის. ათი ოპოზიციური პარტია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემო.

პარლამენტის შუალედური არჩევნები

N54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანსა და ხონში) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. ცესკოს ცნობით, არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 68 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

ვინ არიან კანდიდატები

ევროპული საქართველოს კანდიდატი შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ვანსა და ხონში პარტიის ლიდერი გიგი უგულავა იქნება. წინასაარჩევნოდ, თბილისის ყოფილი მერი ადგილობრივებთან შეხვედრებსაც მართავს.

ინტერპრესნიუსის არაოფიციალური ინფორმაციით, ვანისა და ხონის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში “ქართული ოცნების” სახელით კენჭისყრა სურს პარტიის “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი