ახალი ამბები

შსს: პარლამენტთან ტყიბულისადმი სოლიდარობის აქციაზე 5 პირია დაკავებული

6 აპრილი, 2018 • 2265
შსს: პარლამენტთან ტყიბულისადმი სოლიდარობის აქციაზე 5 პირია დაკავებული

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებასთან დაკავშრებით შსს განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქციის 5 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სამართავლდამცავებმა აქციის მონაწილეები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

“აუდიტორია 115”-ის ცნობით, დაკავებულები არიან მოძრაობის წევრები: კონსტანტინე გურული, გიორგი სოფრომაძე, ცოტნე ცხვედიანი, ვლადიმერ ჩიჩუა და კახა ავალიშვილი.

მოძრაობამ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლითაც დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

იხილეთ “ნეტგაზეთის” პირდაპირი ეთერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს:

სოლიდარობა ტყიბულს – საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

სოლიდარობა ტყიბულს! ამგვარი უსამართლობა აღარ უნდა განმეორდეს! – აქტივისტების დაკავებამდე, ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისაკენ საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

სტუდენტური მოძრაობები, საზოგადოებრივი ჯგუფები და უფლებადამცველები სამძიმარს უცხადებენ დაღუპული მეშახტეები ოჯახებს. აქციაზე მათ ყვავილები და ტრასპარანტი ჰქონდათ მიტანილი, რომელზეც დაღუპული მეშახტეების სახელები ეწერა.

დღის პირველ ნახევარში მსგავსი აქცია ქუთაისშიც გაიმართა.

რას ამბობენ აქტივისტები

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ტყიბულში მეშახტები ყოველდღე სასიკვდილო ომში მიდიან და არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა შინ სამუშაო ადგილებიდან.

“ამასობაში შპს “ჯი აი ჯი”-ს კომპანია და საქართველოს მთავრობა მუშებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ღირსებას წირავენ საწარმოს საქმიანობას, ამუშავებენ უკიდურესად მძიმე პირობებში: არაა დაცული უსაფრთხოების ბაზისური გარანტიები, ხელფასები კი ძალიან დაბალია. ტყიბულში მცხოვრები ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის ქვანახშირის მაღარო შემოსავლის ერთადაერთი წყაროა და ისინი იძულებული არიან გარისკონ საკუთარი თავი ექსპლოატაციისთვის, სიცოცხლის და დასახიჩრების რისკებისთვის, – ნათქვამია დღევანდელი აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

სოლიდარობა ტყიბულს! - საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! – საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აქტივისტების თქმით, 4 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანიის ადმინისტრაცია ცდილობს, მომხდარი ტრაგედია დააბრალოს ე.წ. მიწის ქანების მოძრაობას და ის უბედურ შემთხვევად შეაფასოს:

“თუმცა მიწის ქანების გააადგილების ფაქტი სპეციალისტების მხრიდან არ ფიქსირდება. ამასთან, ამ მსჯელობაში უგულებელყოფილია ბუნების დაზიანების ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს არსებითი მიზეზი მსგავსი შემთხვევების. ადმინისტრაციას სურს მომხდარი ტრაგედია არ დაუკავშიროს შრომის პოლიტიკისა და ინდუსტრიულ ზონებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემას და გადაფაროს საკუთარი პასუხიმგებლობა და დაასუსტოს პოლიტიკური წინააღმდეგობა.”

მათი განცხადებით, მშრომელი ადამიანები დღეს საქართველოში განწირულები არიან სიღარიბისთვის, ექსპლოატაციისთვის, დაზიანებისა და გარდაცვალებისთვის.

“მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ეწინააღმდეგება პროგრესულ პოლიტიკას, რაც მოემსახურება საქართველოში მცხოვრები ადამიანების და განსაკუთრებით მშრომელი ადამიანების კეთიდლდღეობასა და სოციალურ სამართლიანობას. ეკონომიკური პოლიტიკა არსებითად გათვლილია ინვესტიციებზე, საიდანაც მიღებული დოვლათი ხმარდება მცირე ეკონომიკურ ელიტებს და არა ადგილობრივ მოსახლეობას,” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

სოლიდარობა ტყიბულს! - საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! – საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! - საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! – საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! - საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! – საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! - საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ტყიბულს! – საპროტესტო აქცია-მსვევლობა თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ ბლოკავს და შემდეგ აჭიანურებს ქვეყანაში უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პოლიტიკის შემუშავებას.

აქტივისტები მომხდარ ტრაგედიაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობას მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს და პირველ ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს აკისრებენ.

მოთხოვნები

საპროტესტო აქციის მონაწილეები დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ისინი მთავრობის ეკონომიკის გუნდს მოყწოდებენ, არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას:

“ის უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას და არა კონკრეტული ბიზნეს-ელიტების ინტერესებს.”

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ტყიბულის ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რომელიც უზრუვნელყოფს მოსახლეობის ნაკლებად დამოკიდებულებას ქვანახშირის წარმოების სისტემაზე.

საქართველო 6 მეშახტეს გლოვობს

პავლე გამეზარდაშვილი, 25 წლის – ახალგაზრდა მეშახტე საქნახშირის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მამამისი, გურამ გამეზარდაშვილიც 2010 წელს მძიმედ დაშავდა შახტში; მას ახლა მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია გადაადგილება. 17 წლის პავლე, საკუთარი ინიციატივით, სოწრედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და შახტში დაიწყო მუშაობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. პავლეს ორი ძმა ჰყავდა, რომლებიც ასევე მეშახტეები არიან.

გოგი რაფავა, 60 წლის – მინდელის შახტში 2006 წლიდან მუშაობდა. ბესიკ რაფავა, თავის დისშვილთან, ირაკლისთან ერთად იყო შახტში. მას დედა, ცოლი, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა. რაფავები წუხდნენ, რომ ქელეხისთვის დარბაზის შოვნა უჭირთ, რადგან ტყიბულში დიდი დარბაზები ყველა დაკავებულია – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა ერთდროულად დაიღუპა.

ელგუჯა ბოჭორიშვილი, 53 წლის – მის ცხედარს ოჯახი სოფელ მუხურში ელოდება. ელგუჯა ბოჭორიშვილს ორი შვილი ჰყავდა და შვილიშვილის დაბადებას ელოდებოდა. მეზობელმა გვითხრა, რომ ელგუჯას სახლი ტყიბულშიც აქვს, შახტის სიახლოვეს, თუმცა ოჯახი მის სოფელში აპირებს მიცვალებულის დაკრძალვას. მეზობლის, ზურაბ ბუაძის თქმით, შვიდი წელია ელგუჯას იცნობს და იმ პერიოდიდანვე შახტში მუშაობდა.

მირზა ქურციკიძე, 46 წლის – მას სამი შვილი დარჩა; უფროსი შვილი, 21 წლის, შახტში მუშაობს, მეორე შვილი – 12 წლისაა, მესამე ჯერ 1,2 წლისაც არ გამხდარა. მირზას მამა, ჟილინა ქურციკიძე ასევე მინდელის შახტში მუშაობდა. ის ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

გიორგი ბოჭორიშვილი, 28 წლის – დაახლოებით 10 წელი მუშაობდა შახტში. გიორგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. მას ცოლი და სამი პატარა შვილი დარჩა.

ბესიკ გურგენიძე, 50 წლის – ის წლების განმავლობაში მუშაობდა მინდელის შახტში. ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ დილით შეატყობინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი