აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ 25 ოქტომბერს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატად ფრაქციამ ”ქართული ოცნება” – ოლღა ჟღენტი, ხოლო ფრაქციამ ”ქართული ოცნება – აჭარა” – ვახტანგ ღლონტი წარადგინა.
არადა ამ ფრაქციების კანდიდატები უკვე ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან – აჭარის ტელევიზიის საბჭოს ხუთი წევრიდან სამი – ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში უმაღლესმა საბჭომ 18 ოქტომბერს შეარჩია. სამივე კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი. იმავე დღეს უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები – ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა.
ქვეყანაში მეორე საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირებული აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 კაცისგან შედგება. კანონის თანახმად საბჭოს წევრების კანდიდატების წარდგენა კვოტირებით ხდება. სამი ფრაქცია თითო კანდიდატს წარადგენს. ორ კანდიდატს კი საბჭოს დანარჩენი წევრები. ამჟამად აჭარის უმაღლეს საბჭოში 3 ფრაქცია კოალიცია “ქართულ ოცნებას” , ორი კი ნაციონალური მოძრაობისაა. იმის მიუხედავად, რომ “ოცნებამ” ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების კანდიდატები პირველ კენჭისყრაზე ჩაუგდო, ოპოზიციას კანონით მაინც აქვს შანსი, რომ ტელევიზიის მეურვეებს შორის თავისი კანდიდატები გაიყვანოს, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, განმეორებით შერჩევის დროს, აჭარის ტელევიზიის ბორდის ასარჩევად საკმარისია დეპუტატების ხმების 1/3, ანუ წარდგენილი კანდიდატების შესარჩევად 7 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი უმაღლეს საბჭოში 8 დეპუტატი ჰყავს.
ნაციონალურმა მოძრაობამ კვლავ წარადგინა განმეორებითი კენჭისყრისთვის იგივე კანდიდატები, თუმცა თუმცა “ქართული ოცნების” ორმა ფრაქციამ მაინც გადაწყვიტა სხვა, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების კვოტით თავისი კანდიდატურების წარდგენა.
ამგვარი დე ფაქტო რეალობით აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდება, რადგანაც უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს.
“ქართულმა ოცნებამ” კანდიდატები მაინც წარადგინა ამ თემაზე დისკუსიის მიუხედავად.
მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის თანაავტორმა, რომელიც ამჟამად პარლამენტის იურიდიული კომპიტეტის წამყვანი სპეციალისტია, 22 ოქტომბერს “ბათუმელებს” განუცხადა, რომ თუ უმაღლესი საჭოს უმრავლესობა მაინც წარადგენს თავის კანდიდატურებს აჭარის ტელევიზიის საბჭოში ასერჩევად, ამით კანონი დაირღვევა.
იგივე განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა თამარ კორძაიამ.