ახალი ამბები

ურთიერთბრალდებები ქუთაისში საბიუჯეტო პრობლემების გამო

25 ოქტომბერი, 2013 •
ურთიერთბრალდებები ქუთაისში საბიუჯეტო პრობლემების გამო

თევდორაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობას ფინანსური რესურსი არ აქვს ვალდებულებების შესასრულებლად:

 

„2003 წლის შემდეგ ქუთაისის თვითმმართველობაში სახელმწიფო მოხელეებს 1 წუთითაც არ დაგვიანებიათ ხელფასის დარიცხვა, რაც  ერთგვარი ინდიკატორი იყო იმისა, რომ ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკა იყო სტაბილური. რა სურათი გვაქვს დღეს? ნიკეას, უქიმერიონის და ქალაქმუზეუმის ტერიტორიული მართვის ორგანოს თანამშრომლებს- ეს, ჯამში, 43 კაცია, ხელფასი არ დაერიცხათ. ხელფასები 22-დან 24 რიცხვის ჩათვლით ირიცხება და მათ ამ პერიოდში კუთვნილ საბანკო ანგარიშზე თანხა არ დარიცხვიათ. დღეს, როდესაც მოიკითხეს ეს ამბავი და მერიის საბიუჯეტო სამსახურს მიმართეს, მიიღეს ასეთი პასუხი, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის და რა უნდა გიქნათ. პრაქტიკულად თვითმმართველობას არ აქვს რესუსრსი, რომ მოხელეებს მისცეს კუთვნილი შრომითი ანაზღაურება.“

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. მისივე მოსაზრებით, ხელისუფლება ამ პრობლემასთან დაკავშირებით სირაქლემის პოზიციას იკავებს:

 

„ეს პატარა ფაქტი მთელი ქვეყნის მასშტაბის გათვალისწინებით ძალიან მკაფიო მესიჯია ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი უკვე დაიწყო. ეს არის ერთი პატარა ინდიკატორი იმისა, თუ რა შეიძლება იყოს ხვალ. ამიტომ კიდევ მინდა მივმართო ხელისუფლებას, თვითმმართველობებს და ყველა იმ ადამიანს, რომლის პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს შექმნილი ვითარება: ბატონებო, სირაქლემის პოზიციიდან ამ პრობლემებისადმი მიდგომა და ილუზიური წარმოდგენა, რომ ვითომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ისე მიდის, როგორც საჭიროა, არის მხოლოდ და მხოლოდ ამ პრობლემის გაღრმავების წინაპირობა. დრო არის სიმართლეს შევხედოთ თვალებში და რეალური ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს ეკონომიკური და, აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო კრიზისიდან გამოყვანის შესახებ.”

 

ქუთაისის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ავალიანი აცხადებს, რომ შრომითი ანაზღაურების დარიცხვა ერთ დღეში არ ესწრება. მისივე განმარტებით, ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშღომლების ნაწილს ხელფასი გუშინ დაერიცხათ, ხოლო დარჩენილ ორგანოებს დღეს დაერიცხებათ:

 

„ხელფასების გაცემა როდესაც ხდება, ვერ ესწრება 1 დღეში გაცემა, ტერიტორიული ორგანო იქნება, თუ სხვა სამსახური. ჩემს პრაქტიკაში, პრაქტიკულად, არასდროს მომხდარა ის, რომ ანაზღაურების გაცემა 1 დღეში დასრულებულიყო, იმიტომ, რომ ამას ჭირდება ბანკის დადასტურება და სხვა. თანხის ყველასთვის დარიცხვის 1 დღეში ვერმოსწრება არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. რამდენიმე ტერიტორიული ორგანო არის დარჩენილი და დღეს ყველას დაერიცხება.“

 

ავალიანი აცხადებს, რომ ქუთაისის ბიუჯეტში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, თუმცა ამას თავისი მიზეზები გააჩნია:

 

„ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ წლის დასაწყისში, პირველი 5 თვის განმავლობაში, ქუთაისის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საყოველთაო პრემიები გაეცა 4-ჯერ. 5 თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურების გარდა გაიცა ხელფასის ოდენობის ოთხმაგი პრემია. პრობლემები სახეზეა არა მარტო ამ მიმართულებით, მაგრამ იმის საფუძველი არ გვაქვს, რომ ქუთაისის ბიუჯეტს დაემუქრება სეკვესტრი, დეფიციტი და ა.შ. ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა და ნორმალურად ჩავატაროთ ეს ფინანსური წელიწადი.“

მასალების გადაბეჭდვის წესი