ახალი ამბები

წარმოებაში მომხდარი 90 შემთხვევის 72% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა – ომბუდსმენის ანგარიში

5 აპრილი, 2018 •
წარმოებაში მომხდარი 90 შემთხვევის 72% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა.

ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით.

სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა 13 შემთხვევაში დაიწყო. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, დაუბრუნდა რაიონულ პროკურატურას.

რაც შეეხება დაკისრებული ჯარიმის ოდენობას, ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. სახალხო დამცველის თქმით,  მსგავსი შემთხვევებისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საჭიროა სახეზე იყოს სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ ნორმების დაცვა ევალებოდა:

“სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებში, გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელ პირად მოიაზრება სამუშაოს უშუალოდ შემსრულებელი, იშვიათ შემთხვევებში – სამუშაოს დამკვეთი ან სამშენებლო კომპანიის/საწარმოს დირექტორი, უმეტეს შემთხვევაში კი – სამუშაოთა მწარმოებელი. ამასთან, ამ უკანასკნელის იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება,” – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

დღეს, 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც მინდელის შახტის მმართველი კომპანია “საქნახშირის” დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, გვირაბის ჩამონგრევა უბედური შემთხვევა იყო.

“სამთო დარტყმა მოხდა, რამაც ჭერის ჩამოქცევა გამოიწვია იქ,  სადაც ხალხი მუშაობდა. დიდი ჰაერის წნევა შეიქმნა და ამ წნევის გამო სამი კაცი დასახიჩრდა, ექვსი კი გარდაიცვალა.

დარღევევას ამას მე ვერ დავარქმევდი იმიტომ, რომ ეს არის ბიძგების მიერ გამოწვეული სამთო დარტყმა, რისი პროგნოზირებაც შეუძლებელაია,” – განმარტავს ჯაყელი.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც 5 აპირლს 6 მუშა დაიღუპა, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არააღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი