ახალი ამბები

დაშავებულთაგან ორი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა

5 აპრილი, 2018 • 3247
დაშავებულთაგან ორი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყიბულის შახტში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი გადაყვანილი არიან ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. 

ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა (თავის დაზიანება), უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას აგრძელებს ტყიბულის კლინიკაში.

დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, 6 მუშა დაიღუპა . წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი გვირაბის ჩამონგრევას მოჰყვა.

ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი. საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გასულ წელს მინდელის შახტში  5 მეშახტე დაიღუპა. აქედან 4 ემსხვერპლა შახტში ლიფტის ჩავარდნას.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც 5 აპირლს 6 მუშა დაიღუპა, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არააღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

მთავარი ფოტო: აქცია “1209” მუშების მხარდასაჭერად. ავტორი: ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი