ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე განმარტავს, რომ ქუთაისელების – ოთარ მამფორიას, ოთარ ქირიასა და ოთარ სულაბერიძის ძეგლებს ადგილი არ შეეცვლებათ:
“არანაირი პროექტი არ არსებობს, ჩემამდე ასეთი რამ არ მოსულა. ცალსახად მინდა ქუთაისელები დავამშვიდო. ძალიან აფორიაქებული ვარ იმ განცხადებებით, რომლებიც იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვინც ქუთაისში მიცნობს. მე არ ვარ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი, იციან ვინ ვარ, რა ვარ და რა მინდა ქუთაისისთვის. ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ ვთქვათ, ჩემთან შეუკითხავად და შეუთნხმებლად მართალი იყო, თუ არა რომ სამი ოთარის ძეგლის გადაადგილების შესახებ, შეეძლოთ ერთი ადამიანი მოსულიყო ჩემთან და ეკითხა, მართალია კოტე ეს, სიმართლესთან გვაქვს საქმე? და მერე გაეკეთებინათ განცხადებები. აი, ნამდვილად შემძრა იმან, რომ ვიღაცამ ქუთაისელად არ ჩამთვალა. ერთი რიგითი ქუთაისელი ვარ, რომელიც არ დაუშვებს იმას, რომ ის ძეგლი, რასაც მეობის ძეგლი ჰქვია და ერთადერთია ალბათ მსოფლიოში ასეთი თემა, სადღაც გადავაადგილოთ და შეურაცხვყოთ, ან მივუშენ-მოვუშენოთ ისეთი რამე, რაც დაამახინჯებს მის იერსახეს. ძალიან შეძრული ვარ, სწორად გამიგეთ, თან რამდენიმე ადამიანი აკეთებს ამ განცხადებებს.”
კოტე ლომიძე ქუთაისელებს ამშვიდებს და ამბობს, რომ ძეგლების გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას:
“ტერიტორია აღნაგობის უფლებით არის გაცემული. სარევიზიო ჯგუფი მუშაობს ჩემი ხელმძღვანელობით. ამ ძეგლების ტერიტორიის უკან ძალიან მსხვილი ინვესტორი არის, რომელიც გასართობ ცენტრს აშენებს და მისი გადაჩრდილვაც არ უნდა მოხდეს. ამიტომ მინდა ბოლომდე შევისწავლო ეს ტერიტორია, თუ ვინმე რამის აშენებას დააპირებს, ჩემთან შეუთანხმებლად ეს არ მოხდება და ასეთ გადაწყვეტილებებს მე ცალსახად არ ვღებულობ. ამაზე ძალიან სერიოზული ჯგუფი მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ აქ ვერანაირ საფრთხეს ვხედავ. ჩემამდე არანაირი პროექტი არ არის მოსული, ვინ რას აპირებს მანდ. პირდაპირ გეუბნებით, რომ არანაირ სიმახინჯკეს ადგილი არ ექნება. თუ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, თუ რამე პრობლემა შეექმნება ქუთაისს, საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებაზეც შეიძლება საუბარი.
“მღელვარების საფუძველი ქუთაისელებს არ უნდა ჰქონდეთ, სანამ მე ამ ქალაქში სული მიდგას პირში,” – აღნიშნა კოტე ლომიძემ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისში “სამი ოთარის” ძეგლის აღება იგეგმებოდა ინტერნეტ გამოცემა “ნიუპრესმა” გაავრცელა.