საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმედოვნობს, რომ გედევან ფოფხაძეს გადააფიქრებინებს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას.
“როგორც ნახეთ, მისი ეს რეაქცია მოჰყვა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდთან დაკავშირებულ კენჭისყრას. სხდომის დასრულების შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებ მასთან და იმედი მაქვს, რომ ის უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს, თუმცა დაველოდოთ ჯერჯერობით, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით საუბრი”,- ამბობს თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, უმრავლესობის დეპუტატებმაც, წინააღმდეგ 12 წავიდა.
პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება დატოვოს. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევაა.
“ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით, რაც ვთქვი ჟურნალისტებთან. შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან და დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.