ახალი ამბებისამართალი

განქორწინების რეგისტრაცია უფრო მოქნილი ხდება – იუსტიციის სამინისტრო

4 აპრილი, 2018 •
განქორწინების რეგისტრაცია უფრო მოქნილი ხდება – იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ცვლილებების პროექტი, რომლითაც კანონში ამჟამად არსებული ხარვეზი გასწორდება და განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება.

მათივე ცნობით, პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები განქორწინების რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ იმ მიზეზის გამო, რომ განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებიდან დიდი დრო იყო გასული. ცვლილებების პროექტი ამ ხარვეზის გასწორებაა.

როგორც სამინისტრო აცხადებს, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიზანი განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, რაც სამოქალაქო რეესტრში ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვას უზრუნველყოფს, მოქალაქეებს კი, რომლებმაც განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ ხანგრძლივი დროის, ხანდახან კი 10-15 წლის, შემდეგ შეიტანეს, დაბრკოლებები აღარ შეხვდებათ.

“ცვლილებების თანახმად, განქორწინებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნაზე განქორწინების რეგისტრაციაზე ხანდაზმულობის ვადა აღარ გავრცელდება.

2011 წლის ბოლომდე განქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო სასამართლო წესით განქორწინებიდან  3 წლის, 2012 წლიდან კი − 10 წლის განმავლობაში. პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები განქორწინების რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ იმ მიზეზის გამო, რომ განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებიდან დიდი დრო იყო გასული.

შესაბამისად, ისინი აბსურდულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ – უწევდათ ყოფილი მეუღლის დარწმუნება იმაში, რომ საჭირო იყო ხელახალი პროცედურები განქორწინებისათვის. იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებული ცვლილებები განქორწინების რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის და ათავისუფლებს მოქალაქეებს სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვისაგან,”- აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი