“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, იმედი აქვს, რომ გედევან ფოფხაძე მათ ფრაქციაში შესვლის საკითხს განიხილავს.
“მივესალმები ბატონ გედევანის გადაწყვეტილებას, გედევან ფოფხაძე გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, ეს ყოველთვის ვიცოდი, კიდევ ერთხელ ეს დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი განიხილავს სერიოზულად ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს. მგონი, ბევრ საკითხში ჩვენ ერთად ვფიქრობთ და აზროვნება ერთი გვაქვს ჩვენ”, – ამბობს მარშანია ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, უმრავლესობის დეპუტატებმაც, წინააღმდეგ 12 წავიდა.
პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება დატოვოს. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევაა.
“ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვით, რაც ვთქვი ჟურნალისტებთან. შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება არის ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხება იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს”, – აცხადებს ფოფხაძე ნეტგაზეთთან და დამატებით შეკითხვებს აღარ პასუხობს.