ახალი ამბები

არაეთიკური ქცევისთვის დეპუტატს, შესაძლოა, ხელფასის 50% დაექვითოს – ცვლილებები

4 აპრილი, 2018 • 1261
არაეთიკური ქცევისთვის დეპუტატს, შესაძლოა, ხელფასის 50% დაექვითოს – ცვლილებები

საქართველოს პარლამენტის წევრის ქცევის დასარეგულირებლად პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატი ვალდებულია, დაიცვას ეთიკის კოდექსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ხელფასის 50%-იც კი დაექვითოს. ცვლილებების თანახმად, პარლამენტს ეთიკის საბჭოც ეყოლება.

პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, დეპუტატის ქცევა საქმიანობისას, კოლეგებთან, მედიასთან და სხვა ინსტიტუტებთან განისაზღვრება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით.

ცვლილებების თანახმად, რეგლამენტს ემატება ეთიკის საბჭო.  პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში იქმნება ეთიკის საბჭო. საბჭოს საქმიანობის წესი და ორგანიზაციული საკითხები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით და ეთიკის საბჭოს დებულებით რეგულირდება.

  • ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება იყოს:
  • სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება;
  • ხელფასის დაკავება (ხელფასის 10% დან – მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით);
  • საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ
    ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).

ეთიკის საბჭო განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე.  ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი უმრავლესობიდან და ერთი უმცირესობიდან ან იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში).

პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი

პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მესამე მუხლი დეპუტატის ქცევის წესებს არეგულირებს. მუხლი ამბობს, რომ:

[checklist]

  • პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს, პარლამენტის თანამშრომლებს და მოქალაქეებს. მან უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს;
  • პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება;

[/checklist]

ურმავლესობის ამ ინიციატივას წინ უძღოდა არაერთი შემთხვევა, როცა პარლამენტარებმა იჩხუბეს და ერთმანეთს აგინეს. ბოლო მსგავსი ფაქტი პარლამენტში 3 აპრილს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი