სროლები, კვამლი, ავტობუსების აფეთქება, დაჭრილი ქალბატონი – ეს ყველაფერი, ისევე, როგორც ყველა სხვა ტელემაყურებელმა, მეც საშუალო და ახლო ხედებით ვნახე ქართულ ტელეარხებზე 21 მაისს, არჩევნების დღეს, ისე, რომ ინციდენტის ადგილას მისვლამდე ფეხბურთის მოედნის შესახებ არაფერი ვიცოდი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში წასვლა კი რადიო „თავისუფლებაში“ მოსმენილი სიუჟეტის შემდეგ გადავწყვიტე. ერთი ქალბატონი კონფლიქტის ზონიდან ამბობდა, რომ ვიდრე სროლები დაიწყებოდა, მეზობლებთან ახალგაზრდა ბიჭები მივიდნენ და უთხრეს, საარჩევნოდ გადაღება გვაქვს და წამოდითო. ცოტა ხანში კი სროლები დაიწყო.
თანაც, ქართულ ტელეარხებს იმ დღეს არ განუმარტავთ, რომ სოფელი ხურჩა, სადაც ხმის მისაცემად ზუგდიდში მომავალ გალის მცხოვრებლებს ესროლეს, ზუგდიდის რაიონი, მაშასადამე ის ტერიტორიაა, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. ასე რომ, მთლად გასაგები არ იყო რა იგულისხმებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, სადაც ავტობუსები ააფეთქეს.
სოფელი ხურჩა მდინარე ენგურს იქეთ მდებარეობს და ზუგდიდის რაიონს ეკუთვნის. ქართული საგუშაგო ამ სოფელთან მისვლამდე, ენგურის ხიდზეა განთავსებული. სოფელში შემსვლელებს სამართალდამცავები პასპორტებს უმოწმებენ. თავად საზღვრისპირა პერიმეტრზე კი საკონტროლო შემოვლებს ახორციელებენ.
ენგურს იქეთ მცხოვრები ხურჩელები ამბობენ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე ეს გზა ზუგდიდამდე თითქმის არც არსებობდა, სოფელი უფრო ინტენსიურად გალთან იყო დაკავშირებული. ხურჩამ და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან გამომავალმა გზამ მნიშვნელოვანი დატვირთვა მას შემდეგ შეიძინა, რაც გალში მცხოვრები ქართველებისთვის შემოვლით გზად იქცა.
სავარაუდოდ, სწორედ ეს გზა გამოიყენეს არჩევნების დღეს გალის რაიონიდან ხმის მისაცემად ზუგდიდისკენ მომავალმა ადამიანებმა: ნაბაკევი – ხურჩას საზღვარი გადმოკვეთეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელმაც სროლები, აფეთქებები და დაჭრილი ქალბატონი გადაიღო, ამბობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო გადასული იმ გალელების გადასაღებად, რომლებიც ზუგდიდში ხმის მისაცემად მოდიოდნენ. „სროლები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე საზღვარს გადმოვკვეთდით და ხურჩაში შემოვიდოდით. ამ დროს დაიჭრა ბიგვავაც“.
ადგილობრივ მოსახლეობას აფხაზეთიდან ფეხით ან ავტობუსით გადმოსული ხალხი არ დაუნახავს. შორენა თორია, რომლის სახლიც ნაბაკევიდან სულ რაღაც სამოციოდე მეტრშია, ამბობს, რომ სახლიდან მას შემდეგ გაიხედა, რაც ორმხრივი სროლები მოესმა. „მერე აფეთქების ხმა გავიგონე, და კვამლი დავინახე. მეზობლები შემოვარდნენ ყვირილით, შორენა, შორენაო, ჩემი იმედი ჰქონდათ. მე შემეშინდა შვილი არ მომიკლან-მეთქი, ზუგდიდიდან უნდა მოსულიყო ხმის მისაცემად“.
გზა, რომელიც ნაბაკევიდან მომავალმა უნდა გაიარო, შორენა თორიას სახლიდან მარჯვნივ, 30-ოდე მეტრში მდებარეობს და საზღვრის გასწვრივაა. სროლის დროს თორიამ და მისმა ორმა მეზობელმა, აფხაზეთიდან შედარებით მოშორებული სოფლის ნაწილისკენ სწორედ ამ გზის საშუალებით გადაინაცვლეს. ავტობუსები კი სოფლის იმ ფეხბურთის მოედანზე აფეთქდა, რომელიც სოფლის გზიდან 30-ოდე მეტრში მდებარეობს. ფეხბურთის კარების მარცხნივ, ხეებთან მდინარე ხურჩა ჩაედინება, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარია.
მართალია, მოედანი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა, მაგრამ გოლი აქ კარგა ხანია არავის გაუტანია. ხურჩას მცხოვრებლებმა იციან, რომ საზღვრისპირა მოედანზე თამაში საშიშია. ამიტომ, თუ ეს ავტობუსები აფხაზეთიდან გადმოსულ დევნილებს საქართველოს მთავრობამ საარჩევნო უბნებში მისასვლელად დაახვედრა, გაურკვეველია, რატომ არ შეარჩია უსაფრთხო ადგილი საზღვრიდან ცოტა უფრო მოშორებით. რატომ შევიდნენ ავტობუსები ფეხბურთის მოედანზე, სადაც ასვლას ან მანქანის გაჩერებას ადგილობრივი მცხოვრებლები ერიდებიან?

ამ კითხვებზე ადგილობრივ მოსახლეობას პასუხი არ აქვს. მათ ასევე არ იციან, ვინ იყო ის ორი ახალგაზრდა, რომელიც „საარჩევნო გადაღებას“ სთავაზობდა. სწორედ ასე მითხრა თორიასთან შემოსულმა ორმა მეზობელმა: „ერთი მაღალი იყო, მეორე – დაბალი. არ ვიცი, ვინ იყვნენ. საარჩევნოდ გადაღებაა და წამოდითო. ვუთხარით, ჩვენ უკვე მივეცით ხმაო და არ წავყევით. მერე კი სროლები დაიწყო და შორენასთან გამოვიქეცით“.
მეტს ამ თემაზე საზღვრისპირას მცხოვრებნი არაფერს ამბობენ.
„არ ვიცით, ვინ ისროლა, აფხაზი იქ არ მინახავს, – ამბობს შორენა თორია. – ვერც ქართველებს დავაბრალებ რამეს და ვერც აფხაზებს. ის კი ვიცი, რომ აქ მცხოვრებლები, ფაქტობრივად, დაუცველი ვართ, განსაკუთრებით ისეთი ორმხრივი სროლების დროს, როგორიც 21 მაისს იყო“.
გამოძიებამ, რომელიც ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, სწორედ ამ კითხვებს უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი. ამის გარეშე კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთ, ალბათ, ისევ შეაწუხებთ ეჭვები. ისევე როგორც ელდარ დგებუაძეს აწუხებს. იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც ზუგდიდან ხურჩაში წაგვიყვანა, თუმცა საზღვრამდე მანქანით მისვლა ვერ გაბედა.
„ამ სოფელში პირველად ვარ. ტელევიზორიდან გავიგე ხურჩაში მომხდარის შესახებ. ქალი რომ დაიჭრა, მეგრულად ეუბნებოდა ვიღაცას, რა არის ბიჭო, ლამის მომკალიო – ის ვიღაცა ეუბნება, არაფერი არ გიჭირსო. – როგორ თუ არ მიჭირსო, მომკალიო. – არა ხარ მკვდარიო, – ის ვიღაცა ეუბნება ქალს. – ტელევიზორში იყო მეგრულად. მე გავიგე, მაგრამ შენ ვერ მიხვდებოდი მაგას, რადგან მეგრულად იყო. მერე თქვეს, რომ ჩვენები ისროდნენ და არა აფხაზებიო“.
კითხვაზე, მისი აზრით, რას ნიშნავს ტელევიზორში მოსმენილი ეს მეგრული საუბარი, დგებუაძე ამბობს: „ჩემი აზრი გაინტერესებთ? რაღაც ჰქონდათ ჩაფიქრებული ჩვენიანებს, ალბათ, მაგრამ ვერ გავუგე. რა ვიცი, შეიძლება კარგი ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ არ გამოუვიდათ“.
მერე ამბობს, აფხაზებს არაფერი საქმე არა აქვთ მანდო და ასკვნის: „ალბათ, რუსების მოწყობილია“.
ხურჩიდან ბათუმისკენ მომავალ გზაზე ვხვდები, საზღვრისპირა სოფლიდან უფრო მეტი კითხვით რომ ვბრუნდები, ვიდრე წამოსვლისას მქონდა, ზუგდიდის სამარშუტო ტაქსში სიმღერის მოსმენას ვაგრძელებ: „გამარჯობა აფხაზეთო შენი“.
