ახალი ამბები

საია: პარლამენტმა კონსტიტუცია პროცედურული დარღვევებით მიიღო

2 აპრილი, 2018 •
საია: პარლამენტმა კონსტიტუცია პროცედურული დარღვევებით მიიღო

საიას განცხადებით, საქართველს პარლამენტმა 2018 წლის 23 მარტს კონსტიტუციაში ცვლილებები პროცედურული დარღვევებით მიიღო, კერძოდ, განახორიციელა ისეთი შინაარსობრივი ცვლილებები, რომლებიც საერთო-სახალხო განხილვაზე არ ყოფილა გამოტანილი.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვა აუცილებელია კონსტიტუციის გადასინჯვისთვის. რაკი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის ობიექტი არ გამხდარა, აშკარაა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები პროცედურული დარღვევით არის მიღებული,”- აცხადებს საია.

მათივე განცხადებით,  საუბარია ორ შინაარსობრივ ცვლილებაზე – ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკუძალასთან დაკავშირებით.

“შინაარსობრივი ცვლილებების თვალსაზრისით განსაკუთრებით პრობლემურია კონსტიტუციის მე-18 მუხლში – ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით შეტანილი ცვლილება. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზანი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იყო, მაგრამ ეს ცვლილებები არათუ ვენეციის კომისიისთვის წარდგენილ ვერსიაში, არამედ ინიცირებულ ვარიანტშიც არ ყოფილა. ასევე, ცვლილებაზე საუბარი არ იყო ცვლილებების განმარტებითი ბარათის ტექსტშიც. აღნიშნული ცვლილების გახმაურება მოხდა საყოველთაო-სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე, მესამე მოსმენისას ახალი კონსტიტუციის პროექტის მე-60 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდა ცვლილება და მის ტექსტს დაემატა სიტყვა „გვიანდელი“, რაც ვერ ჩაითვლება მხოლოდ და მხოლოდ რედაქციულ ცვლილებად, რადგან ცვლილებას აქვს შინაარსობრივი მნიშვნელობა. აღნიშნული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს უკარგავს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესაძლებლობას უკუძალის გამოყენებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა,”- აცხადებს საია.


კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტმა 26 სექტემბერს დაამტკიცა. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტ, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ცვლილებებს.

პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები  2018 წლის 23 მარტის პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი