კოსმოსური სადგური საქართველოს ასცდა

გამთენიისას, თბილისის დროით 04:15 საათზე, კონტროლდაკარგული კოსმოსური სადგური Tiangong-1 წყნარ ოკეანეში, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან მრავალი კილომეტრის მოშორებით ჩავარდა. შესაბამისად, ამ იშვიათი მოვლენის კადრებზე დაფიქსირება ვერანაირი მოწყობილობით მოხერხდა.

ჩინური კოსმოსური სადგურის მცირე ზომის ნარჩენების ჩამოვარდნის სავარაუდო არეალი თითქმის მთელ დედამიწას მოიცავდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ამ არეალში ხვდებოდა საქართველოც, შესაბამისად, მისი საქართველოში ჩამოვარდნის შანსი არსებობდა, თუმცა ეს შანსი უკიდურესად მინიმალური იყო – დაახლოებით, ტრილიონში ერთი. შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობდა.

ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრის პროფესორ-ასტრონომის, ჯონათან მაკდოველის თქმით, ჩინური კოსმოსური სადგურის ჩამოვარდნის ადგილიდან ყველაზე ახლოს კუნძული ტაიტი იყო.

სპეციალისტები რამდენიმე დღის წინ ვარაუდობდნენ, რომ ჩინური კოსმოსური სადგურის ნარჩენები რომელიმე ოკეანეში, უდაბნოში ან სხვა დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდებოდა. ასე აგიხდეთ ყველაფერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.