ახალი ამბები

პანიკა არ ღირს – კოსმოსური სადგურის საქართველოში ჩამოვარდნის შანსი მინიმალურია

29 მარტი, 2018 • 3741
პანიკა არ ღირს – კოსმოსური სადგურის საქართველოში ჩამოვარდნის შანსი მინიმალურია

ჩინური კოსმოსური სადგური, რომელიც სასკოლო ავტობუსის ზომისაა, დედამიწისკენ უკონტროლოდ მოექანება. ვარაუდობენ, რომ ის ატმოსფეროში სულ რამდენიმე დღეში შემოვა და მისი დიდი ნაწილი დაიწვება. თუმცა რამდენიმე მძიმე დეტალი, შესაძლოა, დედამიწას დაეცეს. ჩამოვარდნის არეალში საქართველოც მოაზრება, თუმცა პანიკა არ ღირს. ამის შანსი იმდენად მინიმალურია, რომ ნერვიულობის მიზეზიც კი არ არსებობს.

ჩინეთმა კოსმოსურ სადგურ Tiangong-1-ზე კონტროლი 2016 წელს დაკარგა და მას შემდეგ ავტობუსის ზომის მოწყობილობა კოსმოსში თავისუფლად მოძრაობს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, უკონტროლო მოძრაობის გამო მისი ვარდნის ტრაექტორიის გამოცნობა წარმოუდგენელია, თუმცა ჩამოვარდნის სავარაუდო არეალი მაინც განისაზღვრა. სწორედ ეს ტერიტორიაა აღნიშნული მწვანედ.

კოსმოსური სადგურის ჩამოვარდნის სავარაუდო არეალი დედამიწაზე. ფოტო: European Space Agency (ESA)

თუ რუკას დააკვირდებით, მართალია, საქართველო ამ მწვანე ზოლში ხვდება, მაგრამ იმასაც შეამჩნდევდით, რომ კოსმოსური სააგენტოს მცირე ზომის ნარჩენები, შესაძლოა, ჩამოვარდეს აშშ-ის ჩრდილოეთ კონტინეტნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, თითქმის მთელ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ე.წ. რისკის ზონაშია მთლიანად აფრიკა, ავსტრალია, იაპონია, ცენტრალური და სამხრეთ აზია, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ ევროპა, ასევე, წყნარი, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეები. ერთი სიტყვით, ნახევარ დედამიწაზე მეტი.

მედიასაშუალება VOX-ის ცნობით, მაგალითად, ამერიკაში, კოსმოსური სააგენტოს ნარჩენების დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შანსი ტრილიონში ერთია. შედარებისთვის, ამერიკაში, რომელიც ცნობილია მომაკვდინებელი ტორნადოებით, ადამიანის ამ მიზეზით დაღუპვის შანსი 6 მილიონში ერთია. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დიდი ალბათობით, ჩინური კოსმოსური სააგენტოს ნარჩენები რომელიმე ოკეანეში, უდაბნოში, ან სხვა დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდება. თუმცა, თუ თქვენ ისეთი იღბლიანი აღმოჩნდით, რომ კოსმოსური სააგენტოს ნარჩენი თქვენთან ახლოს ჩამოვარდა და ამის თვითმხილველი გახდით, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@netgazeti.ge ან ჩვენს ფეისბუკ გვერდზე. “ნეტგაზეთი” სიამოვნებით გააშუქებს ამ იშვიათ მოვლენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი