“ვმეგობრობდი საბი ბერიანთან, დიდი გეგმებიც გვქონდა. სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარაა. ამის შემდეგ, ყოველდღე, როცა სახლიდან გავდივარ, თუნდაც მეგობრებთან ერთად ვიყო და ბედნიერად ვგრძნობდე თავს… მაშინაც, როცა ძალადობის მსხვერპლი არ ვარ, ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება დღეს სახლში ცოცხალი არ დავბრუნდე. და რატომ უნდა დაიკარგოს ასე ეს ისტორიები? ამიტომაც მოვყევი”.
ასე განუმარტა “ნეტგაზეთს” ტრანსგენდერმა ქალმა ნატამ პროექტში “ტრანს ნარატივები – არაბინარული ამბები” ჩართვის მიზეზი. რამდენიმე ისტორია მისი ყოველდღიურობიდან პროექტის ფარგლებში მომზადებულ კრებულში მოხვდა, შემდეგ კი ვიდეო ფორმატშიც ჩაიწერა.
ნატა საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც უპრობლემოდ მიიღო როგორც ოჯახმა, ისე საზოგადოებამ. ყვება, რომ ბებიამ და ბაბუამ, რომელთა ხელშიც გაიზარდა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავი კარგად ეგრძნო. ამ ფონზე, არც სხვა გარშემომყოფებთან უცდია საკუთარი გენდერული იდენტობის დაფარვა. პროექტში მონაწილეობა ამ ფაქტორმაც გაუადვილა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ორივე მათგანი დაიღუპა და ოჯახის გარეშე დარჩა, სირთულეების ეტაპიც დაიწყო:
“ბებიისა და პაპის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში ცხოვრებისას ფიზიკური მუშაობა მიწევდა, სკოლაში სწავლისას კი – სექს მუშაკობა. სხვანაირად თავს ვერ შევინახავდი”.
ამჟამად ნატა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაშია დასაქმებული. მისი თქმით, რიგ ფაქტორთა გამო ტრანსგენდერი თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მიდგომებიდან გამომდინარე, საჭიროა ადამიანებმა ჩვეულებრივი, მათთან ახლოს მყოფი ისტორიებიც მოისმინონ.
“როცა ტრანსგენდერ ქალებს პირველ რიგში, ოჯახში ხვდებათ წინააღმდეგობა, კარგავენ მას და რჩებიან ქუჩაში. ვერ იღებენ განათლებას, ვეღარც საქმდებიან. აწყდებიან უამრავ პრობლემას და იწყებენ სექს მუშაკობას იმისთვის, რომ ელემენტარულად, ქირა გადაიხადონ, ჭამონ და ჩაიცვან. საზოგადოება მეტწილად უარყოფით ადამიანებად აღგვიქვამს. ეს ისტორიებიც იმიტომ ჩავწერე, რომ მინდოდა, დადებითი მხრეებიც დაენახათ”, – ამბობს ნატა.
31 მარტს, ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეს, ლიტერატურის მუზეუმის კედლები მცირე ზომის ფურცლებით დაიფარა. სხვადასხვა ხელწერით, მოკლედ თუ შედარებით ვრცლად მოყოლილი ამბები ნატასა და საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანთა ყოველდღიურობას – დისკრიმინაციას, პრობლემებსა და წინსვლას, მწუხარებასა და სიხარულს ეხება.
პროექტი “ტრანს ნარატივები” 2015 წელს, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” დაიწყო. ხელნაწერმა ისტორიებმა, რომლებიც დღეს კედელზე გამოიფინა, თავი მცირე ტირაჟით გამოცემულ კრებულში მოიყარა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნათია გულიაშვილის თქმით, პროექტში ის ამბები გაერთიანდა, რომლებიც, მეტწილად, მოუყოლელი რჩება.
“… მივიჩნიეთ, რომ ძალიან დიდი საჭიროება იდგა რაღაც ფორმა მიგვეცა ამბებისთვის, რომლებიც როგორც წესი, მოუყოლელი რჩება. როგორც იცით, ტრანსგენდერი თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინირებული ჯგუფია, დაწყებული სამართლებრივი პრობლემებით, დამთავრებული ჯანდაცვის, განათლების, სხვა სერვისების ხელმისაწვდომობით.
როდესაც ჩვენი ბენეფიციარები მოდიოდნენ, სხვადასხვა ამბებს გვიყვებოდნენ, იდეაც დაიბადა, რომ თავი მოგვეყარა მათთვის. მოვიწვიეთ რამდენიმე მათგანი და თავიანთი ისტორიების დაწერა ვთხოვეთ. ყველას თავისი ხელწერა, ამბები, თხრობის ფორმა აქვს… ყველა ინდივიდუალურად წერდა, როგორც მათთვის იყო კომფორტული და მოსახერხებელი”, – უთხრა ნათია გულიაშვილმა “ნეტგაზეთს”.
გასულ წელს კი ისტორიების ვიზუალიზაცია და მათი ვიდეო ფორმატში ჩაწერა დაიწყო. პირველად სწორედ ნატას ისტორიები ჩაიწერა, რომელთა ხილვაც ლიტერატურის მუზეუმში მიმდინარე გამოფენაზეა შესაძლებელი.
გამოფენა, რომელიც გუშინ, 30 მარტს გაიხსნა, დღეს გენდერის სპეციალისტ, ნარგიზა არჯევანიძის ლექციით გაგრძელდა. მან ისტორიის ნარატიული თხრობისა და მიჩქმალული, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ამბების დღის სინათლეზე გამოტანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეიძლება მსგავსი აქტივობები დისკრიმინირებული თემის მიმართ ლოიალობის გაზრდის დასაწყისიც იყოს.
“ეს არ არის მარტივად მისაღწევი, თუმცა შეიძლება იყოს დასაწყისი.
…როდესაც ადამიანები, რომელთაც ტრანსგენდერთა მიმღებლობის ძალიან დაბალი დონე აქვთ, მოისმენენ ისტორიებს ადამიანებისა, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობენ, შეიძლება პროცესის დასაწყისიც ასე წარმოვიდგინოთ. თუნდაც ის, რომ ყური მოკრან ამ ამბავს, ან წიგნი წაიკითხონ… თანდათან ეს ხდება ხილვადობის თემა, ამ ადამიანთა ცხოვრება ხდება უფრო ხილვადი და ნელ-ნელა ტოვებს დახურულ სივრცეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ნარგიზა არჯევანიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
გამოფენა “ტრანს ნარატივები – არაბინარული ამბები” ლიტერატურის მუზეუმში 1 აპრილს დაიხურება.