ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, POSTV-ის გადაცემა STOP XAM-მა გორში დაპირისპირების სცენა დადგა

30 მარტი, 2018 •
მოქალაქის თქმით, POSTV-ის გადაცემა STOP XAM-მა გორში დაპირისპირების სცენა დადგა

ავტოსადგომის გორელი მეთვალყურე ამბობს, რომ ინტერნეტ-ტელევიზია POSTV-ის გადამღებმა ჯგუფმა 20 ლარი გადაუხადა იმის გამო, რომ ზებრა-გადასასვლელზე გაჩერებულ BMW M5-დან გადაცემა STOP XAM-ის წამყვანი გაელანძღა.

ფაქტების შესაძლო მიჩქმალვის, ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისირების დარღვევის, დისკრიმინაციისა და ფაქტის განზრახ დამახინჯებისთვის მოქალაქე დავით მახარაშვილმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა POSTV-ის წინააღმდეგ. ქარტიამ აღნიშნული განცხადება დასაშვებად ცნო.

დავით მახარაშვილის განცხადებით, მასალა ფალსიფიცირებულია, რადგან მოქალაქეები რეალურად არ არიან მძღოლები. მისი თქმით, “გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს ხსენებული მოქალაქე აღიარებს, რომ სიუჟეტში წარმოთქმული ბილწსიტყვაობისთვის POST TV-ის თანამშრომლებისგან მიიღო 20 ლარი გასამრჯელო.”

როგორც განმცხადებელი ამბობს, გადაცემის წამყვანი ლევან კენჭოშვილი შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ორივე შემთხვევაში დაფიქსირებული არასწორი პარკირება ფალსიფიცირებულია, ხოლო რესპონდენტების ბილწსიტყვაობა- დადგმული.

“შედეგად, სახეზე გვაქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან აშკარად უარყოფითი და სიძულვილით აღსავსე გამოძახილები გორის და გორელების მიმართ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გადაცემა STOP XAM რუსეთში საკმაოდ პოპულარული პროექტია. ორი წლის წინ ანალოგიური პროექტი ლევან კენჭოშვილმა საქართველოში გააკეთა. გასულ წელს  STOP XAM გადაცემის სახით ინტერნეტ-ტელევიზია POSTV-ის გასართობ კატეგორიაში გამოჩნდა.

“მკიდია ყველა, ვაჩერებ, სადაც მინდა” – გადაცემის ავტორი და მისი თანმხლები პირები ამ წარწერით სტიკერებს  იმ ავტომობილების საქარე მინებზე აკრავენ, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ – დგებიან ბორდიურზე და ზებრა-გადასასვლელზე.

რამდენიმე დღის წინ კი გორში ავტოსადგომის მეთვალყურემ განაცხადა, რომ POSTV-ის გადამღებმა ჯგუფმა M5-ში ჩასვა და ლანძღვა-გინებისთვის 20 ლარი გადაუხადა.

გადაცემის წამყვანმა ლევან კენჭოშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ ქარტიის სხდომამდე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “არანაირი ჟურნალისტური კოდექსი დაურღვევია”.

ნეტგაზეთი POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს დაუკავშირდა კითხვით, იცოდა თუ არა, როგორ მზადდებოდა გადაცემა STOP XAM, რაზეც მან გვიპასუხა, რომ საკუთარ პოზიციას ქარტიის საჯარო სხდომაზე მკაფიოდ და ნათლად დააფიქსირებენ, ხოლო მანამდე კომენტარს არ გააკეთებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი