ახალი ამბები

“დიდუბის” მეტროსადგურთან მიწისქვეშა გადასასვლელის პროექტირების ტენდერი გაუქმდა

30 მარტი, 2018 •
“დიდუბის” მეტროსადგურთან მიწისქვეშა გადასასვლელის პროექტირების ტენდერი გაუქმდა

თბილისში, მეტროსადგურ “დიდუბესთან” მიწისქვეშა გადასასვლელის  მოწყობის სამუშოების საპროექტო დოკუმენტაციაზე გამოცხადებული ტენდერი გაუქმდა. როგორც “ნეტგაზეთს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ტენდერი ტექნიკური ხარვეზის გამო გაუქმდა და ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოცხადდება ხელახლა.

მიწისქვეშა გადასასვლელის საორიენტაციო მდებარეობა

ტენდერში მითითებული დოკუმენტაციის მიხედვით, მიწისქვესშა გადასასვლელი, შესაძლოა, დიდუბის რაიონში ტრანსპორტის ქუჩაზე, მეტროსადგურ “დიდუბის” წინამდებარე ტერიტორიაზე აშენდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია გეგმავდა აკაკი წერეთლის გამზირზე, შალიკაშვილის ხიდიდან (ყოფ. დიდუბის ხიდი) “სამთო ქიმიის” შენობის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გაეხადა. როგორც “ნეტგაზეთს” მერიაში განუცხადეს, სწორედ ამ ჩანაწერის გამო გაუქმდა გამოცხადებული ტენდერი და მერი აღარ გეგმავს ამ მიმართულებით მოძრაობის გაცალმხრივებას.

“ნეტგაზეთი” მერიის სატრანსპორტო სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ადგილზე ერთდონიანი გადასასვლელის მოწყობა (როდესაც ქვეითად მოსიარულე გზას შუქნიშანზე კვეთს) ქვეითებისა და ავტომობილების დიდი ნაკადის გამო ვერ ხერხდება და მიწისქვეშა გასასვლელის მოწყობა მიიჩნიეს მიზანშეწონილად:

“ნებისმიერ შემთხვევაში, პრიორიტეტად გვაქვს აღებული, რომ ქვეითთა გადასასვლელი ერთდონიანი (უშუალოდ გზაზე) იყოს. პრიორიტეტს არ წარმოადგენს მიწისზვეშა ან მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა სხვადასხვა გარემოებების გამო უმჯობესია გაკეთდეს, დავუშვათ, მიწისქვეშა გადასასვლელი” – უთხრეს “ნეტგაზეთს” მერიის სატრანსპორტო სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი