სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ ლომბარდებში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. კლიენტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო მათმა დიდმა ნაწილმა თბილისში მოქმედ ლომბარდებს მიმართა.
შედეგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა, საიდანაც 55,7% თბილისში მდებარეობს, 12,1% – იმერეთის რეგიონში, 9,9% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.
საქსატატის ცნობით, 2017 წლის ბოლოსათვის ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 23,8 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% – უცხოურ ვალუტაში.
გასულ წელს ლომბარდების საბალანსო მოგებამ 47,6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 73,1% თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.