ახალი ამბები

“თელასის” განმარტება სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვაზე

29 მარტი, 2018 • 1691
“თელასის” განმარტება სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვაზე

სააქციო საზოგადოება “თელასი” სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცენტრს დენი ქსელში დაფიქსირებული ხარვეზის გამო 20 წუთით გაეთიშა და ამის მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობს.

როგორც ნეტგაზეთს კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ხარვეზის აღმოჩენიდან 20 წუთში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი სარეზერვო ხაზზე გადართეს და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს. რამ გმაოიწვია ქსელში ხარვეზი და რა ზიანი მიადგა ამით სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს – ამის შესახებ თელასში “ნეტგაზეთს” დაჰპირდნენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტოროინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თელასმა დენი გადაუჭრა, რამაც მათი მუშაობა შეაფერხა და ცენტრის კუთვნილი აპარატურის ნაწილის დაზიანება გამოიწვია.


თეა გოდოლაძის თქმით, “თელასმა” ელექტროენერგიის კაბელი ცენტრს პირველად შაბათს გადაუჭრა. ცენტრმა ფუნქციონირება გენერატორის დახმარებით განაგრძო, თუმცა ისიც მწყობრიდან გამოვიდა და მუშაობა შეფერხდა. მოგვიანებით “თელასის” ტექნიკურმა ჯგუფმა  კაბელი აღადგინა და ცენტრს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა დღეს “თელასმა” კაბელი კვლავ გადაუჭრა:

“კაბელი გადაჭრეს ჯერ შაბათს და ახლა უკვე მეორედ დღეს . მიზეზი: სქემა არა აქვთ კაბელების. კორპუსისთვის გაჰყავთ დენი და სხვას უჭრიან კაბელებს. ვრეკავ თელასის ცხელ ხაზზე და ვითხოვ, დამაკავშირონ ტექნიკურ დირექტორთან. არ დამაკავშირეს, ტექნიკური დირექტორი აბონენეტებს არ ესაუბრებაო. ვეუბნები, რომ ეს სეისმური მონიტორინგის ცენტრია. მისი სისტემიდან გათიშვა არ შეიძლება, მე ცენტრის დირექტორი ვარ. არ დამაკავშირეს. იძულებული ვიყავი განმეცხადებუნა პოლიციაში” – ამბობს ცენტრის დირექტორი.

როგორც გოდოლაძე ამბობს, მომხდარის შედეგად, ცენტრის კუთვნილი აპარატურა დაზიანდა და მისი ფუნქციონირება შეფერხდა:

“ამ ქვეყანაში რაღაცა რომ მოხდეს, მე ვარ პასუხისმგებელი, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო და წარმოიდგინეთ, ამის საშუალება არ მეძლევა. ახლა ვითვლით, რამდენი კომპიუტერი დაიწვა. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ბიუჯეტი, ეს მოწყობილობები ხვალვე ვიყიდოთ, გარდა ამისა, ეს შესყიდვების კანონით რეგულირდება და დროში იწელება” – უთხრა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა “ნეტგაზეთს”.

თეა გოდოლაძის თქმით, ამ დროისთვის ცენტრს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი