ახალი ამბები

საზმაუს სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

29 მარტი, 2018 • 1470
საზმაუს სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა შეერჩია, ვინაიდან გრიგოლ გოგელიას 17 აპრილს უფლებამოსილება უწყდება. დღეს გამართულ სხდომაზე დასახელებულმა ორმა კანდიდატმა თავმჯდომარის პოზიციის დაკავებისგან თავი აიცილა. ამის შესახებ ნეტგაზეთს თავად გრიგოლ გოგელიამ უთხრა.

მისი თქმით, თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატურა – გია ნიჟარაძე და გიორგი იაკობაშვილი – იყო წარდგენილი, თუმცა არცერთმა არ გამოთქვა ამ პოზიციის დაკავების სურვილი. რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილეს, ამ ადგილს ირინა ფუტკარაძე დაიკავებს.

“სამეურვეო საბჭო კოლეგიალური ორგანოა, ერთმანეთთან არაფორმალურადაც ვკონტაქტობთ.  ახლა ჩვენ კონსულტაციებს დავიწყებთ. თუ, ვთქვათ, შევთანხმდებით, რომ შესაძლებელია ამ შემადგენლობის საბჭომ აირჩიოს თავმჯდომარე, მაშინ ჩავატარებთ სხდომას და ავრიჩევთ, თუ არ მოუნდება არავის, ვერვის ვაიძულებთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამი წევრი მივდივართ და ჩვენ ჩვენს თავებს ვერ დავაყენებთ. ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს ახალი საბჭო შეარჩევს. 17 აპრილის შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე შეასრულებს მის უფლებამოსილებას კანონის მიხედვით,” – განმარტავს გრიგოლ გოგელია. 

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას უფლებამოსილების ვადა ეწურება. წელს უფლებამოსილების ვადა ასევე ეწურებათ მარინა მუსხელიშვილს და გიორგი კოხრეიძეს. საბჭოს ერთმა წევრმა სულხან სალაძემ უფლებამოსილება თავად შეიჩერა.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა, უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტს ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი