ახალი ამბები

“მაღაროელის ხმა!” – მაღაროელებისა და პროფკავშირების აქცია ჭიათურაში[ვიდეო]

29 მარტი, 2018 •
“მაღაროელის ხმა!” – მაღაროელებისა და პროფკავშირების აქცია ჭიათურაში[ვიდეო]

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები და პროფკავშირების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ხელფასის მატებასა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხებიც უნდა აისახოს.

პროფკავშირების ცნობით, დასაქმებულებთან შეხვედრის სურვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა გამოთქვა, რის გამოც პროფკავშირებმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი აქცია გადადეს და მოლაპარაკებებს დათანხმდნენ.  თუმცა დღეს, 29 მარტს, საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული ოფიციალური განმარტებით, შეხვედრა ვერ შედგება ჩიქოვანის შეუძლოდ ყოფნის გამო.

დასაქმებულთა და პროფკავშირების წევრთა განცხადებით, აქციაზე გახმიანებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შრომით დავას დაიწყებენ.

აქცია უკვე დაგეგმილი იყო, როცა 26 მარტს ჭიათურის მაღაროში კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. ის ლოდების ჩამონგრევას ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იხილეთ “ნეტგაზეთის” პირდაპირი ეთერი ჭიათურიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი