ყველა არასამთავრობომ უნდა შეიმუშაოს სექსუალური შევწროებისგან დაცვის მექანიზმი – კოალიცია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის აცხადებს, რომ საჭიროა განხორციელდეს დაუყოვნებლივი საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობაში სექსუალურ შევიწროებისგან დაცვის შესაძლებლობის არსებობისთვის, ხოლო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმები.

განცხადებაში საუბარია ზვიად დევდარიანსა და პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებულ შემთხვეევებზე.

“ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სამოქალაქო სექტორში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, სათანადო რეაგირება მოვახდინოთ მომხდარზე, მათ შორის, გავაძლიეროთ თვითრეგულირების მექანიზმები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, შესაბამისი ზომები იყოს მიღებული სახელმწიფო უწყებებში, პოლიტიკური პარტიებსა და კერძო სექტორში დასაქმებულ პირებთან დაკავშრებით. ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ეხება, კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ პრობლემის აქტუალურობაზე სახელმწიფო უწყებებში. აუცილებელია, აღნიშნულ სექტორში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გააცნობიერონ სექსუალური შევიწროების, როგორც გენდერული დისკრიმინაციის არსი, მოახდინონ არა შერჩევითი, არამედ ობიექტური და მიუკერძოებელი რეაგირება და დაიცვან მსხვერპლთა უფლებები.

ეროვნულ კანონმდებლობაში სექსუალურ შევიწროებისგან დაცვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ საკანონმდებლო ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმის თაობაზე, რომ არასრული საკანონმდებლო მოწესრიგება ქვეყნის მოქალაქეებს ართმევს სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობას.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, არასამთავრობო სექტორში არსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ შემუშავებული სექსუალური შევიწროებისგან დაცვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმები, შეიმუშაონ ასეთი მექანიზმი. აღნიშნულმა მექანიზმმა არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმებულ ყველა პირს უნდა შეუქმნას სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, დროულად და საფუძვლიანად გამოიკვლიოს სექსუალური შევიწროების შესახებ არსებულის საჩივარი, უზრუნველყოს შესაბამისი პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში,”- აცხადებს არასამთავრობოების კოალიცია.

მათივე განცხადებით, მზად არიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ სექსუალური შევიწროებისგან დაცვის შიდა ორგანიზაციული მექანიზმის დანერგვაში, რაც მომავალში ქალთა უფლებების დარღვევის პრევენციას და შევიწროების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი