ახალი ამბები

“რუსეთმა დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინა” – ქართული მხარე ჟენევის მორიგ რაუნდზე

29 მარტი, 2018 • 1629
“რუსეთმა დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინა” – ქართული მხარე ჟენევის მორიგ რაუნდზე

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით შეაჯამა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და რუსეთის პასუხისმგებლობა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული რთული მდგომარეობა განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინა და პროვოკაციული განცხადებებით მოლაპარაკების ჩიხში შეყვანას შეეცადა.

განცხადების მიხედვით, ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი დაგმეს როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის წარმომადგენლებმა.  ქართულმა მხარემ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და უმოქმედობის გამო გააკრიტიკა.

“მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი  საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას”, – აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების უფლებათა უხეში დარღვევის შესახებ ისაუბრა. მოლაპარაკების მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გალისა და ახალგორის რაიონებში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილეს, მკვიდრი ქართველების იძულებითი პასპორტიზაცია კი ეთნიკურ წმენდად შეაფასეს.

“მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირება უცხოელებად და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის გაგრძელებას. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ეთნიკური ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებს. განხილულ იქნა ასევე გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა”.

წინა შეხვედრების მსგავსად, მოლაპარაკებათა აღნიშნული რაუნდის მონაწილეები ე.წ მცოცავი ოკუპაციის საკითხსაც შეეხნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარულ პრობლემებზე საუბრისას რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები თემის პოლიტიზებას შეეცადნენ და დევნილთა საკითხის განხილვისას სხდომა დატოვეს.

“ამ ფონზე, მონაწილეებმა საქართველოდან  ხაზგასმით აღნიშნეს  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის საჭიროება,როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით”, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის ივნისში გაიმართება.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი