ახალი ამბები

რეკავდნენ და სექსზე საუბარს გვთხოვდნენ – ყოფილი ოპერატორი სექსუალურ შევიწროებაზე

28 მარტი, 2018 •
რეკავდნენ და სექსზე საუბარს გვთხოვდნენ – ყოფილი ოპერატორი სექსუალურ შევიწროებაზე

კომპანია „ჯეოსელის“ ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები წლების განმავლობაში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ. მისი თქმით, დღეში რამდენიმე ადამიანი რეკავდა ცხელ ხაზზე და ქალ ოპერატორებს სექსის შესახებ ესაუბრებოდა. ამბობენ, რომ მათ ტელეფონის გათიშვის უფლება არ ჰქონდათ. „ჯეოსელის“ ყოფილმა ოპერატორმა გვთხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ.

„ეს არ არის მხოლოდ „ჯეოსელის“ ცხელი ხაზის პრობლემა, სხვა უფასო ცხელ ხაზებზეც იგივე ხდება,“ – გვიყვება ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი. – „მე 2006 წლიდან ვმუშაობდი „ჯეოსელში“ და ცოტა ხნის წინ წამოვედი. ყველა დღე რეკავდა რამდენიმე კაცი, ზოგჯერ ერთი და იგივე ადამიანი და სექსზე საუბარს ითხოვდა“.

ქალის თქმით, მსგავსი ზარის ავტორები თავდაპირველად საქმიანად იწყებდნენ საუბარს: „ჯერ იკითხავდნენ, რომ აინტერესებთ სმს მანიის პირობები. უხსნი დეტალურად ამ პირობებს და თან გესმის, როგორ მასტურბირებს, შიგადაშიგ რაღაცას გეჩურჩულება, გიყვება, როგორ უნდიხარ, გეკითხება, რა მოგწონს სექსში და ასე შემდეგ. კომპანიის შიდა წესების მიხედვით, არ გაქვს უფლება, კლიენტს ზარი გაუთიშო, მას უნდა ჰკითხო, „ჯეოსელის“ რომელიმე სხვა სერვისით ხომ არ არის დაინტერესებული. ის ისევ გეკითხება, რომელიღაც სხვა სერვისზე და აგრძელებს სექსუალური ხასიათის საუბარს. ზოგი პირდაპირ სექსზე საუბარს გთხოვს, უმეტესობა კი გისმენს და გეუბნება, რომ სექსუალური ხმა გაქვს, რომ ქალის ხმა აღაგზნებს, ძალიან უნდა სექსი და ასე შემდეგ.“

ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორის თქმით, მას და მის კოლეგებს არაერთხელ უსაუბრიათ ამ პრობლემაზე კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

„რეაგირება იყო ფრაზა  – რა დღეში ხართ. რეაგირება იყო ისიც, რომ ერთხელ სტრესის მოსახსნელი ორდღიანი ტრენინგი ჩაგვიტარეს და მორჩა. ადამიანები, რომლებიც რეკავენ, იოლად იდენტიფიცირებადია, ბევრ მათგანს უკვე ხმაზე ვცნობდით ან ნომერზე…

ერთი კაცი მუდმივად გვირეკავდა დილის შვიდ საათზე, ხმაზე ეტყობოდა, რომ ასაკოვანი იყო. ის მუდმივად გვეკითხებოდა ერთ-ერთ სატელეფონო სერვისზე. ისმენდა ჩვენგან პირობების განმარტებას და იწყებდა ჩურჩულს, რომ ხმამ ძალიან აღაგზნო და მასტურბირებს, ამ დროს ქათმების კაკანის ხმა ისმოდა. ეს კაცი ერთი ოპერატორის ახლობელი აღმოჩნდა – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ძალიან ცნობილი თამადა კაცი და მეოჯახე ყოფილა,“ – აღნიშნავს ცხელი ხაზის ყოფილი ოპერატორი.

კომპანია „ჯეოსელის“ პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ მსგავსი ზარები ცხელ ხაზზე ხშირად ფიქსირდება. განმარტავენ, რომ კონკრეტულ თანამშრომელს მსგავს პრობლემაზე ადმინისტრაციისთვის წერილობით არ მიუმართავს. „ჯეოსელმა“ კომენტარი წერილობით შემოგვთავაზა:

„ჩვენს კომპანიაში განსაკუთრებული ყურადღება  ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის  საკითხს. შემუშავებულია სპეციალური პოლიტიკა, რომლის შესახებაც ინფორმირებულია თითოეული თანამშრომელი. ასევე, მათ უტარდებათ სპეციალური ტრენინგი, რომ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. თანამშრომელს შეუძლია მიმართოს თავის უშუალო, ან ეთიკისა და შესაბამისობის მენეჯერს, ან გამოიყენოს ანონიმური ხაზი. ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება. ასევე კომპანიაში არსებობს ნომრის დაბლოკვის პროცედურები, როდესაც დგინდება, რომ გარკვეული ნომრიდან ხდება ჩვენი თანამშრომლების შეურაცხმყოფელი და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები, შესაბამისი იურიდიული პროცედურის მიხედვით, ჯერ ხდება აბონენტის გაფრთხილება. თუ ეს გაფრთხილება არ იქნება გათვალისწინებული, აღნიშნულ ნომერს ებლოკება წვდომა კომპანიის ქოლცენტრთან“.

კომპანიაში არ დაგვისახელეს, ბოლო დროს რამდენ ადამიანს დაუბლოკეს ცხელ ხაზთან დაკავშირება ოპერატორის შეურაცხყოფის გამო.

რა შემთხვევაში მიიჩნევს კომპანია, რომ აბონენტის საუბარი ოპერატორთან შეურაცხმყოფელია – კომპანიაში განმარტავენ, რომ ამას შიდა მოხმარების დოკუმენტი ადგენს და ეს დოკუმენტი საჯარო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი