რამდენიმე საათის წინ ისრაელში, თელ-ავივში, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანული ავიაკომპანია Gemrania-ს სამგზავრო ბოინგ 737 შეეჯახა ისრაელური ავიაკომპანია El Al-ის დიდი ზომის სამგზავრო თვითმფრინავს, ბოინგ 767-ს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც Germania-ს თვითმრინავი ასაფრენად ემზადებოდა და უკუსვლით დაიძრა ასაფრენი ბილიკისკენ. სწორედ ამ დროს ის კუდით დაეჯახა El Al-ის თვითმფრინავს, რომელიც რომის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო. ორივე თვითმფრინავში ასეულობით მგზავრი იყო, საჭირო გახდა მგზავრთა ევაკუაცია, თუმცა არავინ დაშავებულა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავების შეკეთება მილიონობით დოლარი დაჯდება.
ეს არის მეორე ხმაურიანი ინციდენტი ბოლო დღეების განმავლობაში, რომელიც ისრაელურ ავიაკომპანიას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, როდესაც Israir-ის სამგზავრო თვითმფრინავი ბუდაპეშტიდან თელ-ავივისკენ გაფრენას აპირებდა, სალონში სავენტილაციო გზით გარედან კვამლი შევიდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. მიუხედავად პილოტის არაერთგზის გამეორებისა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ და კვამლი გარედან შემოდიოდა, მგზავრები საევაკუაციო გასასვლელს მიაწყდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი თვითმფრინავიდან მანამ გადმოხტა, სანამ საევაკუაციო ჩამოსასრიალებელი გაიხსნებოდა. 38 წლის ქალი თავის მძიმე ტრამვითა და მოტეხილობებით სიცოცხლისთვის იბრძვის.