ახალი ამბები

2014 წლის შემდეგ სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები 35%-ით შემცირდა – IDFI

28 მარტი, 2018 • 1636
2014 წლის შემდეგ სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები 35%-ით შემცირდა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, საქართველოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები. IDFI-ის ცნობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ხარჯი, საერთო ჯამში, 35 %-ით შემცირდა.

როგორც IDFI-იმ მოიკვლია, 2016-2017 წლებში ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის სკოლებისთვის იყო გამოყოფილი, 2016 წელს- 8,740,398 ლარი, 2017 წელს კი – 7,098,263.

2016 წელს ყველაზე მეტი თანხა, თბილისის შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონზე დაიხარჯა – 4,204,636 ლარი, ყველაზე ცოტა კი, აჭარაზე – 32,466. ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა 2017 წელსაც და დედაქალაქის შემდეგ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონს გამოეყო – 5,482,118 ლარი. აჭარის რეგიონზე დახარჯული თანხა კი, წინა წელთან შედარებით, 91 %-ით შემცირდა და მხოლოდ 1,727.75 ლარი შეადგინა.

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სკოლების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები გაიზარდა შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში, მცხეთა-მთიანეთში თითქმის იგივე დარჩა, ხოლო სხვა ყველა რეგიონში შემცირდა.

რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, IDFI-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში განათლების სამინისტრო ხარჯების რეგიონების მიხედვით აღრიცხვას არ აწარმოებდა.

2014-2017 წლებში სკოლების რეაბილიტაციაზე, საერთო ჯამში, 123 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, სკოლების ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები პირდაპირპროპორციული არ არის სკოლების რეგიონების მიხედვით განაწილებასთან. საქართველოში ყველაზე მეტი საჯარო სკოლა იმერეთშია, ხოლო აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში თითქმის თაბარი რაოდენობაა – 230-დან 240-მდე. ყველაზე ცოტა კი – 67 საჯარო სკოლა – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.

სკოლების რეაბილიტაციის ხარჯების შემცირების საკითხი მოხვდა ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 65%-ით ნაკლებ სკოლაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებობდა შემთხვევები, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სჭირდებოდათ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა ამგვარი სამუშაოები არ ჩატარებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი