ახალი ამბებიხელოვნება

ნანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვში 5 ივნისამდე გადაიდო

27 მარტი, 2018 • 2548
ნანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვში 5 ივნისამდე გადაიდო

ნანი ბრეგვაძის მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი 5 ივნისამდე გადაიდო, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” Crocus City Hall-ში დაუდასტურეს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა მომღერლის ოჯახს დაკავშირებოდა, თუმცა სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხეს.

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი მოსკოვის Crocus City Hall–ში 28 მარტს იყო დაგეგმილი. ანოტაციის მიხედვით, კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ეკა მამალაძე, ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ნანი ბრეგვაძის შვილმა ეკა მამალაძემ ტელეკომპანია “იბერიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში დაღუპვის გამო შესაძლოა კონცერტი გადადებულიყო.


საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა მათ ამ დღემდე ეკრძალებოდათ ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვე ელოდნენ. არჩილ ტატუნაშვილი მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე 24 მარტს დაკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი