ახალი ამბები

შემაკავებელ ორდერთან ერთად დაკავება – ახალი ინიციატივა ოჯახში ძალადობაზე

26 მარტი, 2018 • 2122
შემაკავებელ ორდერთან ერთად დაკავება – ახალი ინიციატივა ოჯახში ძალადობაზე

დღეს, 26 მარტს, “ევროპულმა საქართველომ” არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ის საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინა, რომელიც მათი განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებას ემსახურება. წარმოდგენილ ინიციატივებს შორისაა ისიც, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, პოლიციას ჰქონდეს უფლება, 48 საათით დააკავოს და მოძალადე ამგვარად განარიდოს მსხვერპლს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, როდესაც პოლიციელი გამოძახებისას ხედავს, რომ აშკარა ძალადობის შემთხვევაა, პოლიციელს უნდა ჰქონდეს მისი დაკავების შესაძლებლობა:

“დღეს შემოიფარგლება მაქსიმუმ შემაკავებელი ორდერის გამოწერით, რაც საკმარისი არ არის. არსებული კონსტიტუციური სტანდარტის გათვალისწინებით, მაქსიმუმ 48 საათიანი დროით მოძალადის დაკავება, მისი თავისუფლების შეზღუდვა იქნება ის ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს განმეორებით ძალადობას და იქნება ძალიან კარგი გზავნილი, რომ ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი” – ამბობს კახიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კიდევ ერთი ინიციატივა უკავშირდება დაკითხვის წესს. საპარლამენტო უმცირესობა გამოდის ინიციატივით, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მსხვერპლი მოსამართლის წინ დაიკითხოს:

“ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი აძლევს ჩვენებას გამომძიებელს , პოლიციელს და შემდგომ, გარემოცვის ზეწოლის შედეგად ამ ჩვენებას აღარ ადასტურებს, შემდეგ უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე სასამართლოს წინაშე, რის შედეგადაც მოძალადე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, ხოლო მსხვერპლი ხელმეორე ძალადობას განიციდის გარემოცვის მხრიდან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლებელია მოსამართლის წინაშე პირველადი დაკითხვის შემოტანა, რაც ამ რისკებს შეამცირებს”, – ამბობს კახიძე.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე წარმოდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით “ქალთა მოძრაობის” წარმომადგენელი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ეს ინიციატივები მუშაობას საჭიროებს, თუმცა ამბობს, რომ 48-საათიანი განრიდების ინიციატივა მისასალმებელია, მაგრამ შედარებით საფრთხილოა დაკითხვის წესთან დაკავშირებული ინიციატივა:

“ოჯახში ძალადობის თემას, ფაქტია და ეს მრავალჯერ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კანონს სჭირდება დახვეწა და ის ინიციატივები, რაც ჰქონდა “ევროპულ საქართველოს”, მე ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება დამუშავება, მაგრამ ახლაც ვარ დარწმუნებული, რომ მოძალადის განრიდების 48-საათიანი მექანიზმი, პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება, რომ იყოს ეფექტური. რაც შეეხება მოსამართლის წინაშე დაკითხვის პრაქტიკის შემოტანას, ამას სჭირდება დამუშავება. მე მაფიქრებს, რომ მსხვერპლი კიდევ უფრო არ შეშინდეს. ჩვენ უნდა ჩავხედოთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. ეს ცვლილებები გვჭირდება, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა მომზადდეს და კიდევ უფრო სიღმისეულად უნდა ვიმუშავოთ ყველამ ერთად”, – ამბობს იდა ბახტურიძე.

მესამე ინიციატივა უკავშირდება ქონებრივ უფლებებს, კერძოდ, როდესაც ქონება არის ერთ-ერთი მეუღლის სახელზე და ეს ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში. კანონით, თანამესაკუთრე არის მეორე მეუღლეც, მაგრამ სინამდვილეში რეესტრში რეგისტრირებულ მეუღლეს აქვს აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლება, საკუთარი ნებით, მეუღლესთან შეუთანხმებლად განკარგოს ეს ქონება.

“აბსოლუტურად დაუცველია თანამესაკუთრე, რომელიც ვერ ახდენს ამ უფლების რეალიზაციას. საიას მომზადებული ინიციატივის საფუძველზე გვექნება ინიციატივა, რომ თანამესაკუთრედ ფიქსირებული მეუღლის ასახვა მოხდეს საჯარო რეესტრის ოფიციალურ ჩანაწერში და ქონება ვეღარ გასხვისდეს მისი თანხმობის გარეშე”, – ამბობს ოთარ კახიძე.

“ევროპულ საქართველოს” ინიციატივა ასევე აქვს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობით, სექსუალური შევიწროება არ არის კანონით განსაზღვრული დანაშაული, ხოლო ამ კანონის მიღება დროში ჭიანურდება. კანონის არარსებობის გამო, სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ანტიდისკრიმინაციული კანონით რეაგირებენ, რომელიც იძლევა საშუალებას, დაადგინო დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა უკავშირდება ამ კანონში ცვლილების შეტანას, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 3 თვიდან ერთ წლამდე უნდა გაიზარდოს.

“ჩვენ გვჭირდება ცალკე კანონი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. შემოთავაზებულ ცვლილებასთან წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. სანამ ეს კანონი გვექნება, თუ მანამდეა შესაძლებელი ამ ცვლილების მიღება და 3-თვიანი ვადის გაზრდა, ეს  მხოლოდ წაადგება პროცესს. მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ფუნდამენტურად აღმოფხვრის პრობლემას . ერთ-ერთ ინიციატივად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ არა ალტერნატივად”, – ამბობს იდა ბახტურიძე.

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ინიციატივების დამუშავების შემთხვევაში, პარლამენტში მათი ინიცირება მაისში იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი